Archive for December, 2009
დღეს ალბათ მისალოცი პოსტი უნდა დამეწერა. თუ როგორ გილოცავთ, როგორ გისურვებთ ყველაფერს კარგს და ასე შემდეგ. მაგრამ ამას ჩემთვის ახალი წელი არ სჭირდება, ისედაც ყველას ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და რაც მთავარია ოცნებების ახდენას
დღეს მე სხვა თემაზე მაქვს პოსტი დასაწერი ….
სათაურიდან მიხვდებით რომ თემის შინაარსში რაღაც საჩუქარიც იგულისხმება, მართლები ხართ
…….. TAA.GE – აცხადებს კონკურსს და აწესებს პრიზს.
კონკურსების იდეა გუშინ სვითისთან სკაიპური საუბრის შემდეგ დამებადა. თუ ნახეთ ჩემი გესტ პოსტი მის ბლოგზე გეცოდინებათ რომ სვითისაც აქვს სამომავლოდ რაღაც პროექტი რომელში გამარჯვებილიც ასევე მიიღებს საჩუქარს TAA.GE -სგან. ბლოგის თემატიკიდან გამომდინარე საჩუქრები იქნება მხოლოდ სილამაზის სფეროდან და მხოლოდ ბრენდები. ხარისხის კონტროლს მე თავად ვაწესებს ჩემს საჩუქრებზე, ყველაფერი იქნება ან ლუტეციაში ნაყიდი ან ინტერნეტით გამოწერილი სხვადასხვა კოსმეტიკური საიტებიდან რომლებსაც მე ვენდობი. + ამას ხანდახან AVON – ის პროდუქციაც, რომლის თითქმის 100-წლიანი ისტორიაც აძლევს ამ ბრენდს შანსს მოხვდეს ჩემი საჩუქრების სიაში.
მაშ ასე კონკურსი იწყება დღეს ღამესვე და სრულდება 7 იანვარს ….
რაც შეეხება საჩუქარს, ამ კონკრეტულ კონკურსში თამაშდება : დიორის გამწმენდი. მაპატიეთ სურათი ვერ დავაფოტოშოპე
შინაარსი – ჩემს ემეილზე (taa@taa.ge) მშვენიერი სქესის ყველა წარმომადგენელმა, რომელსაც გსურთ მიიღოთ პრიზი, უნდა გამოაგზავნოთ სურათები ახალი წლის დღეებიდან. კონკრეტულად კი თუ როგორ გამოიყურებოდით ამა თუ იმ დღეს. 31 ღამიდან დაწყებული 7 იანვრით დასრულებული. როდესაც იგრძნობთ რომ რაღაც კარგად და მომხიბლავად გამოიყურებით, ან სამოსი გაცვიათ განსაკუთრებული, ან თმა გაქვთ გამორჩეულად, ან მაკიაჟი გაქვთ გამორჩეული — სასწრაფოდ გაქანდით და გადაიღეთ სურათები. გამომიგზავნეთ მეილზე და გაიმარჯვეთ …
აქვე მინდა ჩემს მამრობით მკითხველებს შევთავაზო – მათაც მიიღონ მონაწილეობა ჩემს კონკურსში, საჩუქარს მათთვისაც მოვიპოვებ რამეს
2009 წელი განსაკუთრებული იყო fashion ბლოგერებისათვის, როგორც იქნა მსოფლიომ ისინი შეამჩნია … fashion ბლოგინგის სამყაროში ოქროს ხანა დადგა. fashion ბლოგერებს იწვევენ ჩვენებებზე და პირველ რიგებში უთმობენ ადგილებს, სტატიებს უთმობენ ყველაზე წამყვანი პრიალა ჟურნალები, მათთან თანამშრომლობენ ყველაზე ცნობილი ბრენდებიც კი …
და fashionბლოგოსფეროდან მე გამოვყოფდი ერთ ერთ ყველაზე იღბლიან “ბლოგერკას” – გარანს დორ, რომელსაც ერგო პატივი და ისეთმა ცნობილმა ბრენდმა როგორიცა არის GAP – თანამშრომლობა შესთავაზა.
თავიდან საუბარი მიდიოდა გარანსის ნამუშევრების იმპროვიზირებული გამოფენის მოწყობაზე GAP-ის pop-up მაღაზიაში ლონდონის მოდის კვირეულის განმავლობაში. შემდეგ ეს გამოფენა არ შედგა და ახალ მოლაპარაკებაზე გადაერთო ორივე მხარე. GAP- მა გარანსს შესთავაზა მისი საკუთარი სკეჩებით შეექმნა მაისურების ლიმიტირებული კოლექცია. ყოველი დიზაინი უნდა ყოფილიყო 69 ცალი – რა მუღამი იყო ამ 69 ცალში მე არ ვიცი მაგრამ ასეც მოხდა. გარანსმა 3 სხვადასხვა დიზაინი შექმნა და GAP- მაც გამოუშვა მისი 207 ცალი მაისური.

GAP - სათვის ეს გარიგება კაპიკები ღირდა, მაგრამ სანაცვლოდ ისეთი მედია გამოხმაურება მიიღო რომ ვერც კი იფიქრებდნენ. მაისურების გულისათვის, რომლებიც ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა, მოდის მიმდევარი გოგონები თავპირს იმტვრევდნენ. სერიოზული ომი გაჩნდა ამ მაისურების მოსაპოვებლად. მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 1 წლის წინ GAP-ის მაისურები საკმაოდ არაპოპულარული იყო გაყიდვებში.
სიახლე ამ კოლაბორაციის შესახებ ყველა fashion საიტს მოედო, (ჩემსასაც
) კოლეტში გაიმართა ავტოგრაფ სესია, სადაც მაისურების დიზაინის ავტორი სიამოვნებით ავრცელებდა თავის ავტოგრაფებს. GAP – მა ახალ სეზონზე must have პოზიცია დაიკავა.
მართალია GAP-ის 40წლიანი არსებობის მანძილზე ეს არ იყო ერთადერთი თანამშრომლობა, მაგრამ უდაოდ ერთერთი ყველაზე წარმატებული. თავად გარანსი მეცხრე ცაზე იყო სიხარულისგან და ინტერვიუს დროს განაცხადა: “My first t-shirts, my first real exhibition, my first cold sweats with the printer, the first time I’m really able to have some perspective on what I’ve been doing on this blog for three years… What an adventure.”
მსოფლიომ დაიწყო fashion ბლოგერების შემჩნევა და დაფასება, საინტერესოა ჩემს ბლოგს თუ შეამჩნევს ვინმე?
არადა მინდოდა რომ რაღაც განსაკუთრებულად ვყოფილიყავი და 2 კვირით ადრე ვარჩევდი ვარცხნილობებს ჰეარჰაუსში გოგოებთან ერთად, ბოლოს რაღაც გიჟური მომეწონა და ეს მინდათქო.
არადა უშუქობის გამო გამოდიოდა რომ ყველაფერი მეყრებოდა წყალში
მაგარი დაგრუზული ვიწექი და ვერც ვიძინებდი, როცა მოვიდა მესიჯი ჰეარჰაუსიდან რომ შუქი მოვიდა და შეგიძლია მოხვიდეო. წამებში წამოვხტი და ჩავიცვი და გავქანდი. ზუსტად 3 საათი და 20 წუთი გავატარე იქ. ჯერ თმით დავიწყეთ, ეს ვარცხნილობა ძალიან მომწონდა ჟურნალში, მართალია მე არ მომიხდა ისე ძაან როგორც იმ გოგოს ჟურნალის გვერდზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში განსხვავებული ნამდვილად ვიყავი.
ძაააააააალიან საჩალიჩო აღმოჩნდა ეს ვარცხნილობა, ჯერ დამბანეს თავი, მერე გამისწორეს თმა, მერე მთელი თავი დაყვეს ხაზებად, თოთოეული ეს ხაზი იკვრებოდა პატარა რეზინებით, მერე შპილკებით და ნევეძიმკებით მაგრდებოდა ისე რომ სურათზე გამოსახული ეფექტი რომ მიეღოთ. მერე მარცხენა მხარეს ცოტა სხვანაირად ქონდა ჟურნალის გოგოს, ისე არ მომიხდა, დავშალეთ მარცხენა მხარე და ქეთიმ თავისი ფანტაზიით თავის შუაში რაღცნაირად მოათავსა ეს დარჩენილი თმა. საერთო ჯამში ვარცხნილობა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა … და სულ რაღაც 40 ლარი ღირდა. არადა ჩემი დის ქორწილი რომ იყო 50 ლარად ისეთი ბანძი პრინჩო გამიკეთეს გზადაგზა ვიშლიდი და ჩემით ვაწუნინგებდი
მერე გადავსკუპდი კოსმეტოლოგიურ კაბინეტში ხათუნასთან. ხათო მაგ დღეს პირველად ვნახე და გავიცანი. სანამ მიკეთებდა უამრავ რამეზე ვისაუბრეთ, ესტე ლაუდერის დიდი კიტი ჩამომდისო მითხრა და თვალები გამინათდა, მერეც გავიკეთებ მეთქი. ფასები არის მასალების მიხედვით, 25 ლარიდან იწყება მაკიაჟი, მე კარგი მასალებით გავიკეთე – ყველაზე მაგარი ბრენდები რაც ქონდა ისინი ავარჩიე, თან შედარებით მუქ ფერებში და სადღესასწაულო მაკიაჟი ავარჩიე. ამის გარდა ძალიან ბევრი რჩევა მომცა ისეთი რაც ალბათ გამოცდილებით მოდის, რასაც ალბათ ვერ ნახავ ინტერნეტში. 40 წუთამდე მიკეთებდა და მთელი ეს დრო არ ვაჩერებდით ენას. სამომავლოდ კიდევ რაღაცეებზე შევთანხმდით, სახეს უნდა მივხედო საფუძვლიანად.
მერე ცოტა ხანი დავისვენე, ყავა დავლიე, მოვწიე ვიჯექით სხვა კლიენტებთან ერთად ვსაუბრობდით და მერე გადავჯექი მანიკურებზე. ცხოვრებაში პირველად წავისვი ფრჩხილებზე შავი ლაკი. მერე დამახატეს თეთრი ოქროსფერში ნახატები და მზად ვიყავი წასასვლელად.
კარგი იყო ტელეკომის წინასაახალწლო წვეულებაზე, კარგად გავერთეთ, კარგი დრო ვატარეთ, რაც მთავარია ბანაკური ქეიფი არ იყო, საკმაოდ ბევრი საინტერესო რამეები ხდებოდა, სცენარი იყო გასართობად დადგმული, მთელი თამაშებით და კონკურსებით და გაგვისწორდა მაგრად. მე და დიმას არ დაგვილევია, მე გასაგები მიზეზების გამო და დიმა კიდე ანტიბიოტიკებზე იჯდა და არ შეიძლებოდა დალევა, მაგრამ მაინც ძაან კარგი დრო ვატარეთ. არ დავმჯდარვართ იმდენი ვიცეკვეთ. სურათები ჯერ არ მაქვს, იმედია მომავალში მექნება.
ფრჩხილები მქონდა ასე
ძილი მენატრება …
სერიოზულად მენატრება, ძაან გადატვირთული დღეები მაქვს, ვერაფერს ვწერ. დასვენება და ძილი მინდა ახლა ყველაზე მეტად. ბათუმში ვაპირებდით მე და დიმა 3 დღით ახალ წლებზე წასვლას, მაგრამ გადავიფიქრეთ. 3 დღით ვიკიკოს ვერ ვტოვებთ.
ეს საგიჟეთი 23ში დაიწყო ქართული ბრენდის დღით სადაც ჩვენ ლიდერის ნომინაციაში დაგვაჯილდოვეს, სახლში წინასწარ გავაფრთხილე რომ დავაგვიანებდი. აი მაგ დღიდან მოყოლებული როდის მივდივარ და მოვდივარ აღარც ვიცი. არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება.
დაჯილდოებები, პრეზენტაციები, ივენთები, წვეულებები … დავდივარ, დავდივარ, დავდივარ.
25ში ჩემი დის დაბადების დღე იყო, Flat – ში წავედით გოგოები, ჯერ ადრე იყო და ნელ ნელა დავიწყეთ ჭორაობა და რედბულ ვოდკების დალევა. რამდენიმეჯერ გავიფიქრე რომ ბევრი არ დამელია, ზუსტად 15 თვე იყო გასული რაც არ დამილევია და მეთქი რამე არ მომივიდეს. 12ზე მოვიდა ხალხი, 1ამდე მახსოვს ვცეკვავდი. მერე აღარაფერი. მეძინა 3 საათამდე, მერე ტაქსში ჩავჯექით და სახლში წამოვედით :( არადა რამდენი ხანია ვნატრობდი სადმე კლუბში გაჯაზებას და ესე მოვკვდი უცებ.
მეორე დღესაც ვკვდებოდი, ჯერ იყო და გავცივდი, წინა ღამეს ზაფხულის ზმანით ვიყავი და მერე თან თავი მისკდებოდა და სულ მეძინებოდა. არადა ტელეკომის საახალწლო წვეულებაზე უნდა წავსულიყავი და მთელი სალონური დვიჟენია მქონდა მოსაგვარებელი. დავრეკე ჰეარჰაუსში მეთქი მოვდივარ და უცებ კატასტროფა მოხდა: ქეთიმ მითხრა შუქი არ გვაქვსო, ამ საცხოვრობელ კორპუსს რომლის გვეშაც ჩვენ ვართ რაღაც პრობლემები აქვსო. საშინლად დავიზმენდი, ბოლო თვენახევრის მანძილზე სხვაგან რომ არ ვყოფილვარ, არც შეთანხმებული ვიყავი, არც მოფიქრებული მქონდა არაფერი. არადა ჰეარჰაუსში წინასწარ ვიყავი ჩაწერილი, ვარცხნილობა, მაკიაჟი და ფრჩხილები უნდა გამეკეთებინა. ხპდა მაგრად დავიგრუზე და დავწექი დავიძინებ მეთქი და მერე სადმე გავიკეთებ თმას და ფრჩხილებს და მაკიაჟს მე თვითონ მეთქი …
რატომღაც არავინ არ წერს რუსული მოდის შესახებ, ძალიან რთული მოსაპოვებელია მასალები. მე მაგალიად მსმენია რამდენიმე რუსი დიზაინერი, რომებიდანაც უმეტესობა რუსეთში არ მოღვაწეობს და ასევე ერთი ცნობილი დუეტი Aloe.
Aloe ეს არის ორი დიზაინერი: გალია სოლოდოვნიკოვა და ინა სევასტიანოვა. საკმაოდ კრეატიული ქალბატონები. მე მინდა შევეხო მათ ჩვენებას, რომელიც შედგა მოსკოვში, არტ არსენალ გალერეაში, სადაც ტარდებოდა სებასტიან ფეარლესის უცნობილესი Hair Fashion Show.
სწორედ ამ ჩვენების ჩარჩოში შედგა ალოეს ერთ ერთი საკმაოდ საყურადღებო ჩვენება. ალოეს აღნიშნული კოლექცია Still Life საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა დიზაინერების კარიერისათვის. კოლექციის ჩვენება მოხდა შოუს გზით, რომლის თემა იყო საყოფაცხოვრებო რიტუალები, კონკრეტულად კი საკვების მიღების ხელოვნება. კოლექციაში წარმოდგენილ სამოსში გვხვდება ელემენტები, რომლებიც გავდა ლამაზად დაკეცილ ხელსახოცებს. ხოლო აქსესუარები შესრულებული იყო ხილის სახეობების გამოყენებით.
კოსტუმების ფორმები შექმნილია ქაღალდზე დიზაინერული მანიპულაციის ეფექტების ნაჭერზე გადატანით. ექსპერიმენტის შედეგად ნაჭერზე ეს ეფექტები უფრო მომრგვალებული ხდება და ნაკადების სახეს იღებს. ჩვენება დაიწყო პოდიუმიდან გიგანტური თეფშების სერვიებით. მომდევნო სამოსების პრეზენტირებისას გამოსული მოდელები პოდიუმზე განლაგდნენ ისე თითქოს სუფრის ირგვლივ სხედანო. ჩვენება იყო რეჟისორული და ქორეოგრაფიული თვალსაზრისით ძალიან ხარისხიანად შესრულებული. ჩვენების კულმინაცია იყო მოდელი რომელსაც ეცვა კაბა – ტრანსფორმერი — ზედა სურათზე ჩანს ეს კაბა

ძალიან საყვარელი, სასიამოვნო და გოგოშკური კვირა დღე მქონდა…
დილიდანვე მე და ვიკიკო მაგრად გავერთეთ ფოტოსესიით,
ჩემი ქუდები და რაღაცეები შევიტანე ოთახში და სურათებს ვუღებდი, რაღაც უცნაურობებს რომ ვუკეთებდი ან ვადებდი ხოლმე კვდებოდა სიცილით და მერე ყველაფრის პირში ჩადებას ცდილობდა.


მერე ჩავიცვით და წავედით ეზოში სასეირნოდ.
მერე დაბუდაში ჩავსკუპდით, ვიკიკო უკან თავის სავარძელზე მოკალათდა და წავედით დაბუდას გასარეცხად. სანამ ბიჭები ბულაჩაურზე რეცხავდნენ ჩვენ ვსეირნობდით აქეთ-იქეთ. მერე დაბუდა კანდელაკზე დავტოვეთ სახლის წინ, გაკრიალებულ მდგომარეობაში და ჩვენ წავედით საწანწალოდ. ბევრი ვიბოდიალეთ ეზოებში და სკვერებში და ბოლოს დავიღალეთ და სახლში ამოვედით.
ცოტა ხანში 5 საათიც გახდა და ჰეარჰაუსისკენ გავქანდი. მე და ქენდი ვიყავით ჩაწერილები.
ანუკა კიდევ 2 დაქალთან ერთად მოვიდა და შევლაგდით ჰეარჰაუსში. მე თმა გავიკეთე, ანუკამ ფჩხილები, მისმა დაქალმა საერთოდ მოიცვა მთელი სალონი, თმაც გაიკეთა, წარბებიც და ფრჩხილებიც. რაღაც გემრიელად ვიჯექით, ყავა- სიგარეტი და გოგოშკები. ვჭორაობდით თავის მოვლებზე და ათას გოგოშკურ პრობლემებზე.
ქეთიც იქვე იყო სალონის დირექტორი და ძალიან სერიოზულ და მტკივნეულ თემაზე მოგვიყვა, იმდენად ჩემი ბლოგის თემატკაა რომ აუცილებლად უნდა დავწერო. სალონში მისულა ვინმე გოგო, რომელსაც საოცრება სჭირდა სახეზე, სურათებიც გვანახა ქეთიმ, საოცარი აკნე ქონდა გადაფურჩქნული ამ გოგოს, მაგრამ გარდა ამისა ლოყებიდან ყურებისკენ გარდამავალ ადგილებზე თმის საოცარი შემოტევებით.
მოკლედ ამ გოგომ გადაწყვიტა რომ “კმარა” და რომ დროა თავს მიხედოს. მივიდა სალონში და სთხოვა თმის მოშორება. დაპირდნენ რომ მოგაშორებთო და მათმა კოსმეტოლოგმა მთელი კომპლექსური მკურნალობა ჩაუტარა. ეს იყო პირველი ეტაპი. სურათები რომ ვნახეთ ერთი ღერი თმა აღარ ქონდა სახეზე. ხოდა ძალიან დამაინტერესა ამ პროცესმა და ვთხოვე მერე მოეყოლა როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
მერე ჩავეწერე შემდეგი კვირისათვის და მალევე წამოვედი ვიკიკო მყავდა დატოვებული ბებიასთან. არადა ძაან კარგად ვჭორაობდით გემრიელად და კიდევ მინდოდა დარჩენა.
თან ძალიან კარგი ამინდი იყო და დღის გეგმაში მქონდა ჩემი პირველი ვიდეო პოსტის ჩაწერა ქენდისთან ერთად, მაგრამ დღოში ავცდით ცოტა და ვეღარ მოვახერხეთ. სამომავლოდ აუცილებლად ვაპირებ სალონური ვიდეოპოსტის ჩაწერას ვინმე ბლოგერ გოგოსთან ერთად, მარტო ჯდომა და კამერის წინ ტლიკინი მეზარება. თუ ვინმეს გექნებათ სურვილი ჩემთან ერთად სალონში წამოსვლის და ვიდეო პოსტში მომაწილეობის, აუცილებლად მომწერეთ იმეილზე.

რატომღაც დავივიწყე და ვერ დავწერე კიდევ ერთი მშვენიერი ჩვენების შესახებ, რომელიც პარიზის მოდის კვირეულზე შედგა. ეს იყო ჩვენება სახელად Plato’s Atlantis, რომლის ავტორიც იყო Alexander McQueen. შთაგონებად ჩვენებისა ითვლება დარვინის ევოლუციის თეორია და ასევე თვით გალაქტიკა. მაკკუინმა პარიზის სპორტული კომპლექსი უდიდეს კოსმოსურ ხომალდად გადააქცია.
წარმოდგენა (თუ ჩვენება) დაიწყო უდიდესი გამოსახულებით ლედ ეკრანზე რომელიც დამონტაჟებული იყო დარბაზში. ეკრანზე რაკელ ციმერმანი ქვიშაში ჩაწოლილი და გველებით გარშმორტყმული იკლაკნებოდა. ცოტა ხანში, ის თავად გადაიქცა მედუზისებრ არსებად და ამავე დროს გამოჩნდნენ პირველი მოდელები პოდიუმზე. ახალ კოლექციას უცნაური სამოსი შეადგენდა, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია – ბანჯღვლიანი ყურების მაგვარი ვარცხნილობები და 30 სანტიმეტრიან პლატფორმებზე ფეხსაცმელები.
ჩვენებას ფონად რაღაც კოსმიური მუსიკა ახლდა, თუმცა რაოდენ პარადოქსიც არ უნდა იყოს, ჩვენება ლედი გაგას ახალი ჰიტით დასრულდა
შოუ ცოტა სკანდალურად დასრულდა ლედი გაგას წინდაუხედაობის გამო, რომელმაც ტვიტერზე დაპოსტა რომ ჩვენებაზე მისი ახალი სინგლის პრემერა იქნებაო და ლინკიც მიუთითა ტრანსლაციის საიტისა. ეს საკმაოდ დიდი შეხლა- შემოხლის მიზეზი გახდა, რადგან ჩვენების გაშვებაზე ექსკლუზივი მხოლოდ Showstudio-ს საიტს ქონდა და ლედი გაგამ ყველაფერი ჩაშალა.
თუმცა ეს სხვა თემაა, მაკკუინის ჩვენებით კი იუთუბზე შეგიძლიათ დატკბეთ.
შეიძლება დაგებადოთ შეკითხვა თუ რატომ მოხდა ეს ჩვენება საუკეთესო მოდურ ჩვენებებს შორის … ეს ჩვენება მხოლოდ იმიტომ მოხდა ჩემს ბლოგზე რომ განსხვავებული შოუ იყო, თორე რაც შეეხება თავად კოლექციას, ნამდვილად არ აღმოჩნდა საინტერესო ჩემთვის.
მაგრამ სამაგიეროდ მე გუშინ მივიღე უდიდესი სიამოვნება ფეშენ ტივიზე zuhair murad-ის და yulia yanina_ კაბების ჩვენებებზე.
ქ-ნი იულია ჩემი ახალი აღმოჩენაა, რომელსაც აუცილებლად დავუთმობ ერთ პოსტს, იმდენად შთამბეჭდავი კაბები ჰქონდა.


