Shopping in the Netherlands

ეს არის დასაწყისი ძალიან საინტერესო პროექტისა რომლის სულისჩამდგმელი არის პეპი და taa.ge.

პოსტის ავტორია ნათია მინაშვილი, ფორუმზე ცნობილი როგორც პეპი, მისი უგემრიელესი ბლოგი იხილეთ ამ ბმულზე, ნათია უკვე 4 წელია ჰოლანდიაში, კერძოდ კი ჰააგაში ცხოვრობს.

WELCOME TO TAA.GE

«საყიდლებზე» ჰოლანდიაში

შოპინგი ჰოლანდიაში, მომსახურეობის  დაჩური სტანდარტები და  ბრენდების დიიდი კატალოგი


როცა ჰოლანდიურ შოპინგზე ვიწყებ ფიქრს, სულ მინდა ვთქვა – «რა გითხრათ, რით გაგახაროთ . . »

თუ  აქ  ვან გოგის,  რემბრანტის, მაურიციუს,  ან თუნდაც სექსისა და ჰაშიშის მუზეუმების სანახავად ჩამოხვედით, მაშინ შოპინგით «ალაგ-ალაგ მშვიდობაში» სიამოვნების მიღებაც შეიძლება, ისე კი  აი რა ხდება . .

სავაჭრო ცენტრებისა და ქუჩების ლოკაცია – ყველა დიდი თუ პატარა ქალაქის ცენტრში შეამჩნევთ წითელი აგურით მოკირწყლულ ქუჩებს, სადაც მხოლოდ «ფეხისტები» და «ველოსიპედისტები» დაიშვებიან, ქუჩის გასწვრივ, კი ყველასათვის ცნობილი თუ უცნობი ბრენდების სახელებია ჩამომწკრივებული.  ასეთი ადგილები ძირითადად ცენტრალური სადგურების ან/და მთავარი მოედნების ახლო-მახლოა განთავსებული;

«წამზომი შოპინგისათვის», ანუ მაღაზიების სამუშაო საათები – რადგან რიგით ჰოლანდიელს  სტანდარტულად არ უყვარს მუშაობა, ამიტომ მაღაზიათა მუშაობის გრაფიკიც მეტად უცნაურია, ანუ შაბათს საღამოს 5 საათზე იხურება მათი კარები და ორშაბათს  დღის 12 სააათზე იხსნება. სხვა დღეებში მუშაობენ ძირითადად 10-დან 6 სთ-მდე, ერთ დღის გამოკლებით; ხუთშაბათს ან პარასკევს (ამას მუნიციპალიტეტი ადგენს) მაღაზიები ღიად არის საღამოს 9 საათამდე. ზოგ დიდ ქალაქში «სავაჭრო ქუჩები» ღიაა კვირაობითაც 12-დან 5-მდე.

მომსახურეობის სისტემა, ანუ მყიდველის ჰოლანდიური «ფასი» – ეს ყველაზე დიდი ჰოლანდიური «შოკი» იყო ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ამერიკაში ცხოვრებისა და ამ სისტემის «შიგნიდან» გაცნობის შემდეგ.  კლიენტის ასეთი უგულველყოფა და არაფრად ჩაგდება მემგონი საქართველოშიც აღარ არის შემორჩენილი. თუმცა აქაც, ჰოლანდიური ბუნება იჩენს თავს – ამპარტავნობა, ამბიციურობა და სრული დილეტანტიზმი . . უდავოდ, არის კარგი ბრენდებიც, სადაც შესვლა გსიამოვნებს ადამიანს, თუმცა ეს იშვიათი გამონაკლისია და მათ შორისაა ჩემი უსაყვარლესი «დუგლასი» პარფიუმერიისა და სუნამოების «სამოთხე» თავისი სუპერ ვიზაჟისტებით.

«სეილების» სეზონი –  ფასდაკლებები წელისადში 2-ჯერ ეწყობა: ზაფხულში (ივნისი-აგვისტო) და ზამთარში (დეკემბრის ბოლო-თებერვალი); ასევე შუა-სეზონური სეილებიც არის, სადღაც 10-15 %-იანი ფასდაკლებებით, ოქტომბერსა და მარტში;

ყიდვისა და მიბრუნების პირობები –  როგორც წესი, მაღაზიების უმეტესობას აქვს მიბრუნების რამდენიმე დღიანი ლიმიტი. თუ ეს წესი მაღაზიაში არ მუშაობს, ჩემთვის ის «შავ სიაში» ეწერება. როცა ნივთს იყიდით და მის საჭიროებაში დარწმუნებული არ ხართ, ან უბრალოდ მოზომებას ვერ ასწრებთ –   მიბრუნების რეჟიმი ამისთვის საუკეთესოა. ყურადღება მიაქციეთ, ზოგ მაზაღიას აქვს «კრედიტ» რეჟიმი, ანუ ნივთს კი იბრუნებენ, მაგრამ ფულის ნაცვლად ბარათს გაძლევენ, რომ ის «ფული» ისევ იქვე დახარჯოთ;

ჰოლანდიელი მყიდველის ფსიქიკა – ასეთი ხეპრე მყიდველი იშვიათად თუ შემხვედრია, თან ისევ ამერიკის შემდეგ და აი რატომ: ამერიკელი მყიდველი თავის «ბუშტშია» გახვეული,  მას არ უნდა შეეხო და მოშორებით დადგე. სამაგიეროდ, რიგში წესების სრული დაცვით დგანან და შენზე წინ არაფრით არ «გადახტებიან» . . რაც სრულიად საპირისპიროა ჰოლანდიელისთვის. თუ შენსა და წინ მდგომს შორის პატარა «ღრიჭო» მაინც შეამჩნია, მაშინვე იქ ჩაეკვეხება, თან ვითომ ვერ შეგამჩნია. თუ ახალი სალარო დაემატება  – რიგი კი არ გადანაწილდება, არამედ რიგის ბოლოდან გადმოხტება ვიღაც კისრისტეხვით, თან აშკარად უპირატესობის გრძნობით გადახედავს სხვებს . . აი ასეა აქ, ასე, რომ დაიცავით თქვენი უფლებები და თავს ნუ დააჩაგვრინებთ.


Comments

comments

13 thoughts on “Shopping in the Netherlands

  1. Maya Jims says:

    ძალიან საინტერესო წამოწყებაა. ამიერიდან taa.ge-ს მუდმივ მკითხველად ვაცხადებ თავს! =) ♥

  2. Taa says:

    Maya Jims

    უღრმესი მადლობა 🙂
    ესეთი კომენტარები დიდი სტიმულია ჩემთვის

    იმიტომ რომ ამ ფორმატის არჩევით ისედაც ჩემს ბლოგს მამრი მკითხველები თავად მოვაკელი 🙂
    არ ვნანობ მაგრამ მათი კომენტარებიც საინტერესოა ხოლმე

  3. Dissolved Girl says:

    რა ბედნიერებაა ხანდახან ობიექტურ სინამდვილეს რომ გაიგებ : ) აბა აქ დაიწუწუნებ რამე ქართულ მარაზმზე და აღაპრობს ვინმე თვალებს ” აი ინგლისში/გერმანიაში/ჰოლანდიაში/ა.შ სულს ხვაგვარადაა ყველაფერი”
    შემიყვარდა ხეპრე ჰოლანდიელი მყიდველები 🙂

  4. Lord Vader says:

    ჯერ უნდა წახვიდე კოფიშოფში.
    მოწიო კარგად, მერე იშოფინგო.
    და ცხოვრება მშვენიერი მოგეჩვენება.
    ესეა საერთო ჰოლანდიური წესი.
    ჰააგაში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ იქაც ეგრე იქნება.

  5. Miss Dutch says:

    დღეს FB-ზე ვნახე თქვენი ბლოგის შესახებ ინფო და “შემოვძვერი”; წავიკითხე რეკომენდაციები ჰოლანდიელების შესახებ და გაოცებული ვარ თუ როგორი სარკასტულია მათი დახასიათებები. მინდა ადამიანებს სხვა შეხედულებაც ჰქონდეთ ჰოლანდიაზე და ჰოლანდიელებზე და არა მარტო “ქეშების” ან დილეტანტების და გადავწყვიტე რამე დამეწერა. მსოფლიო ხალხების თანამედროვე ისტორიას თუ გაეცნობით ან ისეთ არხს უყურებთ როგორიც Bloomberg-ია, წაიკითხავთ ან/და ხშირად მოისმენთ, რომ ჰოლანდიელი ხალხი მსოფლიოში იაპონელებისა და ჩინელების შემდეგ ყველაზე მშრომელ ხალხად ითვლება და მაღაზიების კონკრეტულ საათებში მუშაობა სიზარმაციდან არ გამომდინარეობს, კალვინისტური ქყვეყანა იყო და ეს არის ამისი სარჩული, იგივე ეხება ჰოლნდიურ უგემურ საჭმელსაც :)) ჰოლანდია ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული და ეგალიტარიანული სახელმწიფოა მსოფლიოში. დილეტანტიზმი??? ნეტავ ჩვენ ვიყოთ მათნაირი დილეტანტები… მაშინ რატომ არის 3,000 არალეგალი ქართველი ჰოლანდიაში, 1300 ლტოლვილი და რატომ იღებენ ჰოლანდიელებისგან ისეთ დახმარებას როგორიც არის საცხოვრებლით უზრუნველყოფა, 1000 ევრომდე თვიური პენსია, რატომ სარგებლობენ სამედიცინო მომსახურებით და უფასო განათლებით და ყველაზე უარესი, ამდენი დახმარების მიუხედავად, რატომ იპარავენ ქართველები და რატომ გვჭრიან ყოველკვირეულ კრიმინალურ ქრონიკაში თავს მთელ ერს? რაც შეეხება შოპინგს, ნახევარი მსოფლიო მაქვს მოვლილი და “ყველა ჯიბეზე გათვლილი” შოპინგი არსად შემხვედრია ჰოლანდიის გარდა, ამიტომაც გირჩევთ ნახოთ ერთ-ერთი ყველაზე განვითრებული სახელმწიფო მსოფლიოში და მიუხედავად იმისა, რომ თურმე ჰოლანდიელები ურიგოდაც მიიპარებიან, იყავით ისეთივე ტოლერანტულები როგორიც ჰოლანდიელები არიან და ცოტახნით მაინც შევეჩვიოთ ქართველებისთვის უჩვეულო კანონ-მორჩილებას და იქნებ ჩვენ როდესღაც მაინც გავხდეთ ჩვენზე პატარა ნიდერლანდებისნაირი სახელმწიფო. არ მინდოდა რადიკალიზმის ელემენტების ჩართვა, მაგრამ წაბრძანდით და თქვენი თვალით იხილეთ ჰოლანდიური შოპინგი და წეს-ჩვეულებები :)))

  6. Taa says:

    Miss Dutch

    ძალიან დიდი მადლობა ამხელა კომენტარისათვის

    სიმართლე რომ გითხრა ეს პოსტი ჰოლანდიაში მცხოვრების მიერ არის დაწერილი და რაც თავად ნახა ის აღწერა 🙂

  7. Part says:

    რასაც ქვემოთ წაიკითხავთ არის ჩემი აბსოლუტურად სუბიექტური აზრი და არავისთვის შეურაწყოფის მიყენება არ მაქვს აზრად დასახული. დიდი სიამოვენებით ვაღიარებ იმ ფაქტს, რომ ყველანი სხვადასვა ნაირები ვართ (ქართველები, ჰოლანდიელები და ქურთები) ყველას თავისი დადებითი და უარყოფითი მახარეები გვაქვს.

    სანამ ნარკომანობა და ქურდობა დამრალდებოდა, ვიტყვი რომ ჰოლანდიაში თითქმის 4 წელია ვცხოვრობ აბსოლიტურად ლეგალურად და ერთადერთი ჩემი აქ გაჩერების მიზეზია – სამსახური. ამაზე უკეთეს რომ ვიშოვი და ცოტა უფრო მზიან მხარეს, პირობას ვიძლევი, რომ სკიპხოლის აეროპორტის ასაფრენ ბილიკს მივადებ შუბლს და გემრიელად ვაკოცებ გაფრენის წინ (სამჯერ ალბათ საკმარისი იქნება).
    ეხლა რაც შეეხება მისს ჰოლანდიელის გამოხმაურებას.

    შოპინგზე არ ვიკამათებ, არ მაინტერესებს და იმიტომ.
    ვთვლი რომ ერთი ფაქტი დაგაინტერესებთ, ჰოლანდიელები აშშ-დან ზალიან დიდი ჩანთებით ჩამოდიან ხოლმე, აი ზალიან დიდებით, ხანდახან გაჩიანის ელექტრიჩკაში მგონია თავი.
    ჰოლანდიელების ხასიათზე ცნობისმოყვარე ადამიანი ბევრ საიტერესო მასალს მოიპოვებს ინტერნეტში, აქაც არა მგონია რამე მქონდეს დასამატებელი.
    საინტერესო გამოხმაურებაა ნამდვილად (Miss Dutch), სამწუხაროდ ნაქები ტოლერანტობის ნატამალი არ ემჩნევა, მაგრამ ეგ არაფერი, ჩვენ ხომ ჰოლანდიელები არ ვართ, ნუ მე ყველა შემთხვევაში.
    ეს კომენტარი ძალიან მაგონებს ტიპიური “ტოლერანტული” ჰოლანდიელის გამოსვლას, თავიდან ყველაფერი ძალიან “ცივილურად”და “ტოლერანტულად” იწყება, მაგრამ თუ არ დაიზარებთ და ჩაუღრმავდებით, გაეცნობით ჰოლანდიელების ნამდვილ მოსაზრებას.

    პატივისცემით,
    ჰააგიდან

    პ.ს. პეპის მეუღლეობას არ დაგიმალავთ

  8. Taa says:

    ოჰოოოოოოოო

    უსაინტერესოესი წასაკითხი გახდა ეს თემა

    დიდი მადლობა პეპის მეუღლე 🙂

  9. Miss Dutch says:

    მე არც მიფიქრია თქვენი შეურაცხყოფა და შესაბამისად ნარკომანებსა და ქურდებში თქვენ არ მიგულისხმიხართ, უბრალოდ გამოვხატე ის, რომ რაც თქვენ დაწერეთ ამ ყველაფერს ორი მხარე აქვს. მეც ქართველი ვარ და ვამაყობ ჩემი ეროვნებით (და არა მოქალაქეობით ჰოლანდიურად რომ არ გამომივიდეს :)) მეც მიწევს ჰოლანდიაში ცხოვრება, რაც იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერს ვარდისფერ ფერებში ვხედავ და საქართველო ცუდია და ჰოლანდია კარგი. უბრალოდ თქვენმა სიტყვებმა საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე “ექსპატების” მონოლოგები გამახსენა, რომ რა ჭუჭყინია ქუჩები, რა უკულტურო და ფამილიარული ერი ვართ ქართველები, კანონის უპატივცემულობა, ურიგოდ გაძვრომა, ისინი რომ არ ყოფილიყვნენ რა ეშველებოდა საქართველოს და ა.შ ასეთ შემთხვევებში ყველას ვურჩევდი Home Sweet Home და არავინ შეწუხდება სხვა ერთან ადაპტაციით. მიხარია, რომ საზღვარგარეთ აღმოვაჩინე ადამიანები, რომლებიც პატიოსნად მუშაობენ და არ “მაიმუნობენ” და ჩემსავით არ მოსწონთ ჰოლანდიის კლიმატი 🙂

    პატივისცემით,

    ტოლერანტი ქართველი 🙂

  10. Part says:

    Miss Dutch

    როგორც თქვენი ბოლო პოსტიდან ჩანს, ბევრ რამეში ემთხვევა ჩვენი შეხედულება. ვგონებ, არც პეპის პოსტი იყო შავ-თეთრი. ექსპატების თემა კი ცალკე სასაუბროა, და არც ისე სასიამოვნოა 😉

    საუკეთესო სურვილებით,
    Part

  11. Taa says:

    მგონი ის დროა შეხვდეთ ერთმანეთს დიდ ჰოლანდიაში პატარა საქართველოს შვილები და დამეგობრდეთ 🙂

    იმედია მეც ჩამოვირბენ ოდესმე

  12. პეპი says:

    Miss Dutch – ჩვენ ყველანი ჩვენი წარსულიდან მოვდივართ – ამიტომაც, ყველას თავისი გამოცდილება და “ხედვა” აქვს . . აქ არაფერია ცუდი ან გასაკვირი:)

    მინდა გთხოვოთ, იქნებ თქვენი გამოცდილება და რეცეპტები გაგვიზიაროთ და მართლაც “დაიმსხვრეს” მითი ჰოლანდიურ კულინარიაზე:)
    თუ დაგაინტერესებთ, დაწვრილებით ინფორმაციას აი, აქ შეიტყობთ
    http://www.perfectcook.org/

    Taa – იმედია, მართლაც ჩამოირბენ და უფრო “ლაითი” მოგეჩვენება ყველაფერი, ვიდრე მე:)
    შეხვედრა – მართლაც მშვენიერი იდეაა:)
    გუშინ, შემთხვევით საქართველოდან აქ სამუშაოდ გადმოსული ექიმი გავიცანი – ექიმის მორიგი გამოცვლისას . . “ხვიჩა&გოჩა” სცენა იყო 🙂 (ჰოლანდიელ ექიმთა დილეტანტიზმზე კი ჩემს ბლოგზე მოგიყვებით, თუმცა ბევრმა იცის უკვე – როგორ “ბეწვზე” გადავრჩით მეც და მიაც)

    ***

    ხოლო, “პასუხის პასუხი” თუ ვინმეს აინტერესებს – ჩემს პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ:)

  13. Taa says:

    პეპი

    ძალიან საყვარელი ხარ მინდა აღვნიშნო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *