2008 წელს ვიყავი პირველად ერევანში, დრაგ რეისინგზე სადაც დიმა და მისი მეგობრები მიდიოდნენ ზოგი სამონაწილეოდ, ზოგი საგულშემატკივროდ.
მახსოვს უფერული ქალაქი, სულელი საბაჟოს თანამშრომელი და უზრდელი პატრულის თანამშრომელი, რომელმაც გაგვაჩერა და რაღაც ჯარიმა დაგვიწერა და იქვე 20 ლარიანიც “აგვახია”.
ქალაქს ლამაზი არ ეთქმოდა, უფრო ხრიოკი და უსაზღვროდ მტვრიანი.
8 წლის შემდეგ … ო ცივილიზაციის და მონდომების ძალავ !!! — სრულიად სხვა ქალაქი ვიხილე.
18 აგვისტოს დიმა მოქანდა სამსახურიდან, ჩაბარგდი უცებ 2 დღით ერევანში მივდოვართო, საქმე მაქვს სამსახურიდანო. უცებ მოვძებნე პასპორტი, ჩავყარე რაც ხელში მომხვდა და გავეშურეთ სასომხეთისკენ.
ქართულმა საბაჟომ, რომელიც 2008 წელს არ გამოირჩეოდა არანაირი კომფორტით და თავაზიანობით, სასიამოვნოდ გამაოცა, გიკოპირებთ ფეისბუქ სტატუსს
შენობიდან გამოდიხარ თუ არა მარჯვენა მხარეს გორაკზე, საკმაოდ კარგად მოვლილ გაზონზე ქართულად და ინგლისურად წერია საქართველო, ძალიან მინდოდა ამ ფონზე სურათის გადაღება, მაგრამ მანქანები სულ დადიოდნენ და ფეხებში ვედებოდი, ამიტომ გუგლში მოვიპოვე ეს ფოტო თქვენთვის გასაზიარებლად, ეს სასომზეთის მხარედან არის გადაღებული, წინა მხარე ვერ ვნახე 🙁 რაღაცნაირად ძალიან მომეწონა, რომ გამოვედი და ეს წარწერები დავინახე გორაკებზე
აი სასომხეთის მხარეს კი ნანახმა გამაოცა და დამაბნია, არანაირი კომფორტი, არანაირი კულტურა, შენობაც კი არ არის, გავარვარებული მზის ქვეშ უნდა იდგე ფანჯარასთან რიგში როცა მგზავრი ხარ. კიდევ კარგი ცოტა ხალხი იყო და უცებ გავიარე, თორემ წარმოიდგინეთ დიდ როგში სიცივეში და წვიმაში რა რთული იქნება. მერე დაიწყო უსასრულო სირბილები, ჯერ მანქანის საბუთებზე რომ მანქანით გადადხარ (საკმაოდ სუნიან და ცხელ შენობაში), მერე გაივლი საზღვარს და მანქანის დაზღვევაზე გიწევს სირბილი. …
გზას ერევნამდე უნდა დაახლოებით 4 საათი +/- , გზაზე რაც გამიკვირდა იყო ის რომ მოსახლეობა თითქმის არ საუბრობს რუსულად. სევანთან ისეთ საოცარ სეტყვაში მოვყევით საწყალი მანქანა გვებრალებოდა, მაგრამ თან ისეთი ადგილი იყო ვერც შევაფარეთ ვერსად.
გზად ერევნისკენ, მთებში გხვდებათ ერთი ასაოცარი საკურორტო ადგილი დილიჟანი, საუცხოოდ მოწყობილი სასტუმროებითა და რესტორნებით. ულამაზესი ბუნებით და მთებში ჩაფლული დასასვენებელი ზონებით.
ჩავედით ერევანში და განვთავსდით სასტუმრო Royal Golden Tulip – ში, ქალაქის ცენტრში აბოვიანის ქუჩაზე.
პირველივე რაც გავაკეთეთ იყო გამოვიცვალეთ და წავედით სასეირნოდ, ამ საღამოს დიმა თავისუფალი იყო, მეორე დღეს მიდიოდა ერევნის ტოიოტაში სამუშაოდ და მე მარტოს უნდა გამეტარებინა მთელი დღე.
პირველი რითაც მოვიხიბლე იყო ის რომ ქალაქი დამხვდა სრულიად გადასხვაფერებული, ათასჯერ უფრო გამწვანებული ვიდრე ჩვენი თბილისია, ყველგან სკვერები იყო გაშენებული. ჰაერი გაცილებით სუფთა იყო და საოცრად იგრძნობოდა.
საღამოს გარეთ უამრავი ადამიანი ტრიალებდა, ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი იყო მათ შორის.
სეირნობის შემდეგ შევედით იტალიურ რესტორანში La Piazza, რომელიც ქალაქის ცენტრში ე.წ. Northern Avenue-ზე იყო და გამომდინარე იქედან რომ უამრავი ადამიანი იჯდა და რიგებშიც იდგნენ დასაჯდომად, მივხვდით რომ ძალიან კარგი არჩევანი გავაკეთეთ. მართლაც შესანიშნავი სერვისი და უგემრიელესი საჭმელები მოგვიტანეს. ცივი ყავის კოქტეულების საუცხოო არჩევანიც აღმოვაჩინე მენიუში და დავაგემოვნე კიდევაც.
მეორე დილით ურემრიელესად ვისაუზმეთ სასტუმროში და დიმა წავიდა სამსახურში, მე Offline რუკა ჩამოვტვირთე ერევნის და დავიწყე ქალაქში ბოდიალი.
პირველი სადაც მივედი იყო თავისუფლების მოედანი, ღია კაფეებით და გედების ტბით ცენტრში. ეს მოედანიც სრულიად სიმწვანეში იყო ჩაფლული.
ყველგან ქალაქში სადაც ვიარე მხვდებოდა ყვავილების ულამაზესი ჯიხურები და ფარდულები
აქედან გეზი ავიღე Cascade Complex-სკენ, ეს არის მთაში აშენებული მუზეუმი, რომელშიც ესკალატორებით შედიხარ, ხოლო მთთის გარედან გადასახედზე ადიხარ უამრავი კიბით. გადასახედამდე გზაზე გხვდებათ უამრავი საინტერესო ლითინისა და ქვის მონუმენტი, ხოლო გადასახედიდან საუცხოო ხედი იშლება ქალაქის ცენტრზე და არარატის მთაზე.
არანაკლებ საინტერესოა პარკი თავად კასკადის წინ, აქაც საუცხოო ნომუმენტები შევნიშნე და გადავიღე. მაგალითად სამკუთხედ და ოთხკუთხედთავიანი არსებები – რომლებიც ძალიან ბევრ ადამიანს მოგაგონებენ – არა ვიზუალურად რა თქმა უნდა :), ასევე უზარმაზარი ლითონის ქალბატონი, რომელიც მზეზე წევს და ირუჯევა და სიხარეტს ეწევა, ეს ჩემი ფავორიტი გახდა. ძალიან საინტერესო იყო ერთმანეთზე შემხტარი ჯიხვები და ლითონის ჩაიდანი.
საოცრად ცხელი დღე იყო, ისეთი ცხელი რომ კასკადზე დიდხანს ვერ გავჩერდი და მალევე თავი შევაფარე ალექსანდერ ტამანიანის პარკს, სადაც თან მოსაწევად და დასასვენებლად გავჩერდი და თან აღმოვაჩინე რომ ამ პარკში მხატვრებს გამოეფინათ თავიანთი ნახატები და სიამოვნებით ვათვალიერე რამდენიმე ხანი. აქვე აღმოვაჩინე სომეხი კინო ვარსკვლავების ძალიან მხიარული მონუმენტი.
აქედან დავბრუნდი Northern Avenue-ზე და შევედი ისევ la Piazza-ში, ამჯერად ცივი ყავის კოქტეილი ქოქოსით გავსინჯე. დღისით იმდენი ხალხი აღარ იყო, თანაც საოცრად ცხელოდა, ჩრდილში შედარებთ უკეთესი იყო და ცივი ყავაც მაგრილებდა, მაგრამ ზოგადად ძალიან ცხელოდა.
Northern Avenue-ძალიან სასიამოვნო ტერიტორიაა, ორივე მხარეს კაფეებითა და მაღაზიებით და უზარმაზარი ადგილი ფეხით სეირნობისათვის, რაც ასე აკლია ჩვენს ქალაქს. თბილისში ხომ არათუ სასეირნო ადგილი არამედ ტროტუარებიც კი წაგვართვეს მანქანებმა და ტუტუცმა მძღოლებმა.
Northern Avenue-ზე ღამე ძალიან დიდი მხიარულება იყო და უამრავი ხალხი ირეოდა, დღისით კი კანტიკუნტად ნახავდი ადამიანებს ამ საშინელი სიცხის გამო.
რამდენიმე მაღაზიაშიც შევიარე აქვე და მერე გადავინაცვლე რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ამ შუაზაფხულში ქვაფენილს აგებდნენ ხელოსნები და საოცარი მტვერი იდგა და დიდხანს ვერ გავჩერდი.
სასტუმროსთან რომ დავბრუნდი უკვე კარგად ვიყავი დაღლილი ამდენი ბოდიალისგან, ცოტა ხანი იქვე სასტუმროს კაფეში ვიჯექი და სასტუმროს წინ მოედანზე სურათებს ვიღებდი 🙂
შუადღის მერე დიმაც მორჩა მუშაობას, გამომიარა და წავედით სომხურ მარკეტში სომხური ტკბილეულის და სომხური ყავის საყიდლად, იქედან კი წამოვედით თბილისისკენ.
სევანთან აღარც წვიმდა აღარც სეტყვა დაგვატყდა თავს, ძალიან ლამაზი და მშვიდი იყო ეს უზარმაზარი ტბა.
Comments