ერთი შეხედვით და სრულებით არაპროფესიონალური და სამოყვარულო თვალსაზრისით . . . რა საჭიროა ამდენი ფუნჯი მაკიაჟისთვის?
(ამ სურათზე კიდევ გაცილებით ნაკლებია ვიდრე რეალურად იყენებენ ვიზაჟისტები)
ეს კითხვა ადრე მეც გამიჩნდა და იმ დროს შესაბამისად ფუნჯიც მხოლოდ 4 გამაჩნდა და თანაც 4-ივე ხელოვნური.
მერე იყო დრო, როდესაც გადავწყვიტე, რომ მეტი ფუნჯი მჭირდებოდა მაკიაჟისთვის, მიუხედავად იმისა რომ დანიშნულებაც არ ვიცოდი და რაღაც სეტი გამოვიწერე ამაზონიდან.
გამოწერა მოხდა მხოლოდ და მხოლოდ მომხიბვლელი ფასის გათვალისწინებით და არანაირი პროფესიონალური მიდგომით: არც ხარისხი, არც რევიუები – არაფერი არ გადავამოწმე და შედეგად მივიღე საოცარი სურპრიზი.
მაკიაჟს, რომელიც ამ ფუნჯებით გავიkეთე, თან ახდა სუპერ ეფექტი – ფუნჯებიდან დაცვენილი ბეწვები სახეზე 😀 😀 😀 😀 😀 რომელისაც თითო ცალობით 1 საათი ვიცლიდი სახიდან.
მოკლედ იქეთ მიმყავს საუბარი, რომ სჯობს ხარისხიანი იყიდოთ და მეტი თანხა გადაიხადოთ და მეტი დრო დაკარგოთ პროდუქტის გაცნობა – შესწავლაში, ვიდრე “ბანჯღვლიანი სახით” და სხვა მსგავსი სურპრიზებით იაროთ.
მოდით დავიწყოთ მაკიაჟის სხვადასხვა ფუნჯების განხილვა, რა რისთვისაა, მაგრამ მანამდე გეტყვით რომ ტექსტი “ყველა ფუნჯი უნდა იყოს ნატურალური მასალისგან დამზადებული” – მცდარია და ეს ასე არ არის.
ნატურალური მასალისგან (ციყვის, ბაჭიის და ასე შემდეგ თმისგან) დამზადებული ფუნჯები აუცილებელია ფხვიერი კოსმეტიკური პროდუქტის დატანისთვის – პუდრა, ჩრდილები, რუჟი – ისინი არ აღწევს თმაში, არ იწოვება და შესაბამისად ადვილად სუფთავდება ფუნჯი.
ხელოვნური ანუ სინთეტიკური ფუნჯები ისევე საჭიროა მაკიაჟისთვის როგორც ნატურალური, სინთეტიკური ფუნჯებით დაიტანება ცხიმიანი და თხევადი ან კრემისებური კოსმეტიკა კანზე. ამ ტიპის თმა ფუნჯზე არ იწოვს კოსმეტიკას და შესაბამისად გადანაწილებაც უკეთ ხდება კანზე და უფრო ეკონომიურიც არის.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ამ ფუნჯების მოვლა და გასუფთავება, რადგან ფუნჯი ნამდვილად შეიძლება იქცეს დაავადების წყაროდ, კანიდან გადასული ბაქტერიების გამო. ფუნჯების წმენდა ხდება ყოველი მეორე – მესამე გამოყენების შემდეგ, თუკი ინდივიდუალურად ვიყენებთ, ხოლო ვიზაჟისტის შემთხვევაში – ყოველი გაკეთებული მაკიაჟის შემდეგ. არსებობს ორი გზა:
- გაირეცხოს წყლითა და შამპუნით (გაშრობას სჭირდება საკმაოდ დიდი ხანი)
- გაიწმინდოს სპეციალური ფუნჯების გასასუფთავებელი ხსნარებით (მომენტალურად შრება)
- – ფუნჯის გაშრობა კი ხდება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ხელსახოცზე ან პირსახოცზე ან სპეციალურ საშრობებში.
გადავიდეთ კონკრეტულად ფუნჯებზე და განვიხილოთ რა რისთვის არის:
წარბების ფუნჯი იგივე წარბის სავარცხელი – გააჩნია ტუშის წასასმელი ჯაგრისის ფორმა. იხმარება წარმის ამოქნის მერე ცალკეული ბეწვების დასავარცხნად. გამოიყენეთ ის, რათა კარგად დაიყენოთ წარბები და შეინარჩუნოთ იდეალური ფორმა მთელი დღის განმავლობაში.
წარბისათვის გამოიყენება კიდევ ერთი ტიპის ფუნჯი – ცერად წაჭრილ ბეწვებიანი ფუნჯი (დაცერებული) , რომელიც იდეალურია წარბებზე პუდრისა და კრემის წასასმელად, მისი მაგარი ბეწვები ასევე კარგად ათანაბრებენ წარბებზე ფანქრით წასმულ ხაზებს.
ე.წ. ლაინერის ფუნჯი – ეს თხელი წამახვილებული პატარა ფუნჯი შესანიშნავად გამოდგება როგორც მშრალი, ისე თხევადი და ცხიმიანი ლაინერის ზუსტად წასასმელად.
ფუნჯი ჩრდილისთვის – ეს პატარა ფუნჯი გათვალისწინებულია თქვენი საყვარელი ჩრდილის ელფერის ზუსტად წასასმელად წამწამის ქვედა ხაზის გასწვრივ. ასევე შეგიძლიათ მისი გამოყენება ზედა ქუთუთოზე ფერის ძალიან ზუსტი ხაზის წასასმელად.
ფუნჯი ჩრდილისთვის – შედარებით მოზრდილი გამოკვეთილად დაცერებული ფუნჯი, შესანიშნავად გამოდგება ქუთუთოზე გარდამავალი ელფერის წასასმელად ან სხვადასხვა ფერის ჩრდილების ერთმანეთში ასარევად.
ფუნჯი რუჟისთვის – მოცულობითი რბილი ფუნჯი საუკეთესოა მშრალი რუჟის ან ბრონზატის წასასმელად. ფუნჯი ბოლოში ვიწროვდება, რაც დაგეხმარებათ წასმის დროს ფერების ერთმანეთში არევაში.
ფუნჯი ფუძის წასასმელად – მსხვილი გლუვი ფუნჯი განკუთვნილია ცხიმიანი ან თხევადი ფუძის თანაბრად წასასმელად. შესანიშნავად გამოდგება დღის ბოლოს კანის იერსახის შესაცვლელად, გვეხმარებათ უკვე წასმულ ფუძეს თანაბარად და კოხტად გაუკეთოთ კორექტირება.
ფუნჯი კორექციისთვის და ტონალურისთვის
პუდრის წასასმელი ფუნჯი – ეს დიდი ფუმფულა ფუნჯი შესანიშნავად გამოდგება ფხვიერი პუდრის წასასმელად, რათა სახის კანს გავუკეთოთ თანაბარი, ნარნარა, გამჭვირვალე კორექცია. ასევე გამოდგება რუჟის წასასმელად
ფუნჯი მარაო – გამოიყენება ზედმეტი მაკიაჟის სახიდან მოსაცილებლად. ის რბილად აცილებს ზედმეტ ჩრდილებს და ამასთან, არ ურევს მათ ერთმანეთში.
ტუჩის ან ე.წ. პომადის ფუნჯი – გამოიყენება პომადის გადასანაწილებლად და ტუჩზე დამატებითი ეფექტების შესაქმნელად, მათ შორის ვიზუალურად გადიდებისა და ილუმინაციისთვის.
ზემოთ ჩამოთვლილი ფუნჯები ნაწილია იმ უზარმაზარი სეტებისა რომლებიც ვიზაჟისტებს გააჩნიათ, თუმცა სრულიად საკმარისია სახლის პირობებში საკმაოდ კარგი მაკიაჟის გაკეთებისთვის.
Comments