მაშინ როდესაც,
მე და ჩემი ასაკის (+/-2-3წელი) ბავშვებს სკოლაში მისვლა აღარ გვიხაროდა, რადგან აღარავინ გვთხოვდა პალტოები გაგვეხადა, სადაც საკლასო ოთახების გარესამყაროდან იზოლაციისათვის ფანჯრებს სკოჩებს ვაკრავდით და კერასინკასთან გარშემორტყმულები ვსაუბრობდით ისტორიაზე, ლიტერატურაზე, გეოგრაფიაზე და ასე შემდე… როცა პურის რიგებიდან გათოშილები ამოვდიოდით სახლში, როცა შუქის მოსვლას არაადამიანური შეძახილებით და არაადამიანურად ბედნიერები ვხვდებოდით, როცა დავივიწყეთ რომ ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით და ცხოვრებამ საოცარი საზრუნავი გაგვიჩინა . . .
იქ სადღაც, მაშინდელი კამოს ქუჩაზე კონკრეტული ადამიანები უკვე იცნობდენ პიარს, როგორც დისციპლინას და ქვეყანაში სადაც ბიზნესები “არ არსებობდა” ან თუ არსებობდა რა იყო ყველას კარგად მოგეხსენებათ, საუბრობდნენ პიარის დანერგვასა და განვითარებაზე საქართველოში.
და მე 2007-08 წლებში, მაშინ როდესაც პირველად დავიწყე ფიქრი “პიარშიცობაზე”, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ პიარს საქართველოში ასეთი იდუმალი და რაღაცანაირად “იატაკქვეშა” დასაწყისი ჰქონდა.
და 5 აპრილს, როდესაც ყველანი გასუსულები ვუსმენდით მარიკა დარჩიას, რომელიც ამ ამბებს გვიყვებოდა, დარწმუნებული ვარ ყველამ რაღაც საოცარი შეთქმულების ნაწილად ვიგრძენით თავი. თითქოს რაღაც უდიდესი საიდუმლო გაგვანდესო და ჩვენც ამაყად უნდა ვატაროთ ეს საიდუმლო.
— აი ასეთი იყო პიარ დღეები 2014.