მილანური ამბები: გამგზავრება

ბილეთები თბილისი – პრაღა მილანზე გვქონდა აღებული, რეისი 04:20-ზე მიფრინავდა.

გადავწყვიტე ყველაფერი ვიკის დაძინებამდე მომეგვარებინა და ვიკისთან ერთად დამეძინა, დაახლოებით 2ის ნახევრამდე მეძინა, მერე გამაღვიძა მაღვიძარამ, უცებ მოვწესრიგდი და ბიჭებმაც მოგვაკითხეს.

3 საათისთვის უკვე აეროპორტში ვიყავით მე, დიმა, შოთა, ირაკლი (ჩემი თანამშრომელი), თაკო (ირაკლის მეუღლე) და თოკა. თოკა და დიმა გვაცილებდნენ.  რეგისტრაცია მალევე გავიარეთ, ცოტა ხანი დაბლა ვაბირჟავეთ და ავედით ზედა დარბაზში.

პირველი რეისი თბილისი – პრაღა იყო 3 საათნახევარი. ძალიან დავიტანჯე, საერთოდ ვერ დავიძინე საოცარი მცდელობების მიუხედავად, წითელი ღვინოც კი დავლიე – მაძინებს ხოლმე – მაგრამ ამაოდ.

პრაღის აეროპორტში სხვა ტერმინალზე უნდა გადავსულიყავით, მოგვიწია საოცარი სირბილები, რიგებში დგომა დიდ დროს გვართმევდა, სხვაობა ფრენიდან ფრენას შორის 50 წუთი იყო და ძალიან ვიწვალეთ, თან ამდენი ბარგით, თან კარგად არ ვიცნობდით ამ აეროპორტს. ბოლო ბოლო მივაღწიეთ და ჩავსხედით.

მეორე რეისი პრაღა – მილანი 1 საათი და 15 წუთია, ძალიან სასიამოვნო დრო არის, არც იღლები არაფერი. გემრიელი ყავა დავლიე გემრიელ შოკოლადის ნამცხვართან ერთად რაც დაგვირიგეს თვითმფრინავში და ჟურნალის გადათვალიერებაც ვერ მოვასწარი ნორმალურად პილოტმა რომ გამოაცხადა ვეშვებითო 🙂

ზოგადად აეროპორტებზე და ფრენაზე ვიტყოდი რომ ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს. აფრენის მომენტში რომ ჟრუანტელი დაგივლის ხოლმე ტანში მაგაზე ვგიჟდები. ძალიან მიყვარს აეროპორტის ფაციფუცი, ბორბლების ხრიალი, Du Free მაღაზიები უზომოდ დიდი რაოდენობით კოსმეტიკური ნაწარმით, გადარბენები, გამოცხადებები და სუნი. ერთადერთი არ მიყვარს მოწევა რომ არ შეიძლება ეგ მომენტი, მაგრამ პრაღის აეროპორტში უკანა გზაზე სმოკინგ არეა გავჩითე, მოცუცქნული კაფეშკა სადაც მოწევა შეიძლებოდა და სადაც 2 ბეირუთელი გოგო გავიცანი 🙂

Milan Malpensa Airport

როგორც იქნა ჩავფრინდით მილანში და დაიწყო იმაზე ფიქრი რით მივაღწიოთ Fiera Milano-ზე, ტაქსები უსაშველოდ ძვირი ღირდა, შორს არის საკმაოდ Fიერა, გარეუბანია ფაქტიურად. ბოლოს უამრავი ენების მტვრევის და ბოდიალის შედეგად აღმოვაჩინეთ რომ არსებობს მალპენზა ექსპრესი, ეს არის მალპენზას აეროპორტის მატარებლის ხაზი რომელსაც გავყევით პორტო ვია გარიბალდიმდე.

მერე მიგვასწავლეს რომ უნდა გადავმჯდარიყავით მეტროში რომელიც მიდიოდა პირდაპირ ფიერაზე, ასეც მოვიქეცით და როგორც იქნა მივაღწიეთ.

Fiera Milano – გრანდიოზული საგამოფენო პავილიონია ბევრი ათას კვადრატულ მეტრზე გადაჭინული, საოცარი არქიტექტურით და ძალიან ბევრი პავილიონით. სანამ იკას ველოდებოდით (ბილეთების საყიდლად გავიდა), მე თაკო და შოთა იტალიელების ჩაცმულობას ვსწავლობდით. არნახული რაოდენობით ლეოპარდის პრინტი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ჩანთები, ქამრები, სათვალეები, ქუდები, შარფები, პალტოები და პლაშები.

უამრავი იყო კოპლებით, სხვადასხვა ფერის შეხამებით, მაგრამ ყველაზე ხშირად შავ- თეთრი, ლურჯ – თეთრი და ვარდისფერ – თეთრი კოპლების შეხამება გვხვდებოდა თვალში.

ბევრი შეგვხვდა ყვავილების პრინტებიანი შარფებით, ელასტიკებით, ჩანთებით და შარვლებით, მაგალითად მათ შორის ჩემი ბაბუ 🙂

ერთი კვირაც და . . .

გადავყევი ამ მოდის კვირეულზე წერას 🙂

არადა პარალელურად რა საგიჟეთი მაქვს ცხოვრებაში რო იცოდეთ: სამსახური, ბავშვი – უძიძოდ დარჩენილი 2 დღე ერთ ბებიასთან მერე 2 დღე მეორესთან, მზადება იტალიაში წასასვლელად, რემონტი, სწავლა და ბლოგი.

სამშაბათს გოგიჩასთან ვიყავი დილის გადაცემაში, ფერადმა ინტერიერმა და გოგიჩას მხიარულმა ხასიათმა ისე გაგვიხალისა დილის ეთერი რომ წეროებიც კი ვითამაშეთ პირდაპირ ეთერში. ძალიან კარგი იყო, თავიდან ცოტა ვღელავდი მაგრამ მერე ძაან მოვეშვი და ყველაფერი ბუნებრივად მიდიოდა

გადავიკითხე ყველა ბლოგი რაც კი მილანში შოპინგს ეხებოდა, ყველა მაღაზიის მისამართი მაქვს გადმოწერილი თავისი აუთლეტებით. გავიკითხ გამოვიკითხე და კარგად შოპინგის იმედი გადამეწურა – აღმოჩნდა რომ მილანი არის მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე უძვირესი ქალაქი საშოპინგოდ. ფაქტიურად ZARA, MANGO და H&M-ის და ამ დონის ბრენდების გარდა სხვა შესაძლებლობები ამომეწურა.

ბოულინგის ლიგა

ბოულინგ ცენტრალში ბოულინგის ლიგა შეიქმნა !!!

გილოცავთ ყველა ლიგის წევრს, ახალი ეტაპი იწყება მათთვის ვისაც მართლა გულით უყვარს ბოულინგი …

პრეზიდენტების თამაშია ფაქტიურად 🙂

ლიგის ცხოვრებაზე,  წარმატებებზე და ჩემპიონატებზე ჩემს ბლოგზე ამის შემდეგ ხშირად ნახავთ, რადგან მათი ოფიციალური საინფორმაციო მხარდამჭერი გავხდი საკუთარი სურვილით.

ლიგის ჩამოყალიბება მოხდა კვირას, მცირე ჩემპიონატის ფონზე, ლიგაში გაწევრიანდა 30 მოთამაშე, მათ შორის სამი გოგო ვართ: მე , ხატია – ჩემი და და ნინო.

ძალიან საინტერესო და სასიამოვნო დღე იყო, თავიდან ყველანი შევგროვდით, ასე თუ ისე გავიცანით ერთმანეთი, გაგვაცნეს პირველი ეტაპის თამაშის წესები და დავიწყეთ თამაში. ჩემს გუნდში 5 ვიყავით, რა თქმა უნდა ბოლო ადგილზე გავედი, მაგრამ ისეთი თანაშები ვნახე რომ ურალოდ ბედნიერიც კი ვიყავი რომ მე მანდ გამოვედი.

თანაც ჩვენ ხომ ყველაზე მაგარი გულშემატკივარი გვყავდა 🙂

პირველი ეტაპი დასრულდა, აარჩიეს ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშეები და აით შეიქმნა ნახევარფინალური ათეული, მერე ნინოც დაამატეს როგორც უმაღლესი ქულების მქონდე მანდილოსანი და დაიწყეს ბილიკების მომზადება ნახევარ ფინალისათვის. ჩვენგან დიმა და დათო (ჩემი სიძე) გავიდნენ და ჩვენ იქვე ვიდექით და ვგულშემატკივრობდით მთელი შემართებით და საოცრად აჟიტირებულები. დიმა შეხვდა პატარა ბიჭს ლევანს, ვიდეოს ნახავთ ალბათ, საოცარი თამაში იყო, ბავშვმა ისეთები ჩაატარა ვცქმუტავდით მოულოდნელობისაგან.

დიმა ნახევარფინალში, ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ინერვიულა როგორც ყოველთვის, ვერ გამოვასწორე ეს ბიჭი რააააააააა 😀 😀 😀 😀 😀

ფინალში საუკეთესო მაჩვენებლებით გავიდნენ ლევანი, რომელმაც დიმა დაამარცხა, მეორე დიმა რომელიც იღებდა მონაწილეობას და ჯემა – რომელიღაც შუააზიის ქვეყნიდან სტუმარი, რომელიც სასწაულებს ატარებდა ბილიკზე.

ფინალიც იყო საკმაოდ დაძაბული, ჩვენ ყველანი ლევანს ვგულშემატკივრობდით, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა საბოლოოდ, პირველი ადგილი ჯამამ აიღო და მესამე კი დიმამ. მერე ჩატარდა დაჯილდოება და საჩუქრები დაგაეცათ გამარჯვებულებს.

ხოლო ამის შემდეგ იყო ყველაზე საინტერესო ნაწილი, როდესაც გამოგვიცხადეს რომ ეს არ იყო ერთჯერადი და ერთდღიანი ღონისძიება, რომ დღეიდან ყველანი ბოულინგის ლიგის წევრები ვართ და რომ გარკვეული პრივილეგიებით და შეღავათებით ვისარგებლებდით ბოულინგ ცენტრალში. ჩვენთვის დაწესდა სავარჯიშო ტარიფები ბოულინგზე- 14 ლარი 1 საათი, უუუუუუმაგრესია, უმაგრესიი. გარდა ამისა მომავალში კიდევ იქნება სხვადასხვა ღონისძიებები და შეჯიბრებები რაშიც უნდა მივიღოთ აუცილებლად მონაწილეობა…

სახლში წამოვედით ძალიან დაღლილები, დადებითი ენერგიით აღვსილები და სპორტული განწყობით, რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავით ისევ სათამაშოდ. იქ ისეთი თამაშები გვაჩვენეს ბიჭებმა, რომ აზარტში შევედით ყველანი.

მოკლედ ესეც ასე, ყველა მომდევნო სიახლეს ნახავთ ჩემს ბლოგზე

ლიგა სრულად

გამარჯვებული ჯემა

მზადება ნახევარფინალისათვის

ყველაზე ტკბილი გულშემატკივარი

Go Taa goooooooo 😀 😀 😀 😀 😀

თამაშის მსვლელობა

ბილიარდის ტურნირი ბოულინგ ცენტრალში

დიდი ხანია მინდა რამე საინტერესო და აქტიური შიდაკორპორატიული ღონისძიების ჩატარება …

არ მინდოდა ეს ყოფილიყო წვეულება, რადგან ნებისმიერი წვეულება თითქმის ყოველთვის ქართულ ქეიფში გადაიზრდება ხოლმე პირამდე გადავსებული ღვინის ჭიქებით და სადღეგრძელოებით, რაც საოცრად მთრგუნავს, არ მიყვარს სუფრასთან ჯდომა და თამადის მორჩილებაში ყოფნა, არ მიყვარს საჭმელ სასმელით დახუნძლული მაგიდები და რამდენიმე ჭიქის მერე აურზაურში გადასული სიყვარულის მტკიცებები, არ მიყვარს რესტორნები …

არც ექსკურსია მინდოდა, ექსკურსიებზე ისედაც დავდივართ ხოლმე თანამშრომლები და განრიგი აქაც უცვლელია ძირითადად, გინდა – არ გინდა რამე ღირსშესანიშნაობის დათვალიერება, გზით დაღლილი და მოშიებული ხალხი, ერთი სული რომ აქვთ ეს პირველი „კულტურული“ ნაწილი მალე დასრულდეს და დაიწყოს მეორე ნაწილი სახელწოდებით „აბა ბოცას მოვხსნათ თავი“ :დ

საქართველოში ასეა და რა ვქნა, მე კი არ ვიგონებ 🙁 🙁

ძალიან მომწონს პიკნიკები, თბილ ამინდში სადმე ბუნების წიაღში გასვლა ოჯახურად, მოლზე წამოწოლილი დასვენებებით, თბილი საუბრებით ან პირიქით ამა თუ იმ აქტუალური საკითხების გააფთრებული განხილვებით, სადაც ახალგაზრდობა ბადმინტონს ან ფეხბურთს თამაშობს, სახელდახელოდ მოწყობილ მოედნებზე, სადაც ქალბატონებს თერმოსით ყავა ან ჩაი წამოუღიათ, სადაც მამაკაცები, ცეცხლს აჩაღებენ რათა მწვადი შეწვან და გემრიელი, ოჯახებიდან წამოღებული ხაჭაპურები გაათბონ. ან ნარდს თამაშობენ სადმე ჩრდილში აზარტული წამოძახილებით, სადაც მხოლოდ რამდენიმე ბოთლი წითელი გემრიელი საფერავი ან მუკუზანი ცივდება წყაროში და სადილის დროს ელოდება, რათა დაატკბოს და არა დაათროს მსმელი.

ესეთი პიკნიკი მეიდეალურება, საინტერესო და სასიამოვნო განტვირთვა და დასვენება ბუნების წიაღში …

მაგრამ ამჯერად ამინდებმა არ შემიწყო ხელი

მერე ფიქრების მიმართულება შევცვალე და  სპორტული ღონისძიების ორგანიზებისკენ გადავერთე –  ბილიარდის ტურნირის იდეაც მაშინ დამებადა, დავრეკე თბილისის ქსელის ყველა მაღაზიაში, გასარკვევად თუ რამდენად ექნებოდა დაინტერესება ამ ტურნირს და რადგან სასურველი პასუხები მივიღე, შევუდექი სავარაუდო ადგილების ძებნას…

პირველივე რაც მომივიდა თავში იყო ბოულინგ ცენტრალის საბილიარდო, 2 დღეში ჟურნალ „ფოკუსის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მაკო გავიცანი, ბოულინგ ცენტრალის მმართველი დირექტორი და რადგან იქ არ მოგვეცა საშუალება საუბრისა, სავიზიტო ბარათი გამოვართვი მოგვიანებით შეგეხმიანებითქო..

მეორე თუ მესამე დღესვე დავურეკე და ვაცნობე რომ გვინდა „ახალი ნათების“ შიდა ჩემპიონატის ჩატარება ბილიარდში. მაკო ძალიან თბილად, ყურადღებით და ჩვეული პროფესიონალიზმით მოეკიდა ამ წინადადებას, ზუსტად 3 დღეში, მას შემდეგ რაც გავარკვიე ჩვენი კომპანიიდან თამაშის მსურველთა ზუსტი სია, უკვე შევთანხმდით თითოეულ დეტალზე და ტურნირის დღეც დაინიშნა 8 ოქტომბერი საღამოს 8 საათი.

უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო მაკოს პერსონალურად და ბოულინგ ცენტრალის მთელ სტაფს, რომლებიც ღამის 2ის ნახევრამდე საოცარი მოთმინებით და ღიმილით გვემსახურებოდნენ. საუცხოო კომფორტი მოგვიწყვეს, საბილიარდო დახურული იყო ჩვენთვის, მაგიდები და სავარძლები მომარაგებული, ბარი და მიმტანები მობილიზებული, გვემსახურებოდნენ უსაყვარლესი და ძალიან კეთილი მსაჯები, და ბოლოს სიურპრიზი, პირველ ადგილზე გასული ბოულინგ ცენტრალმაც დააჯილდოვა 1 საათიანი უფასო ბოულინგის ბარათით, 1 საათიანი უფასო ბილიარდის ბარათით და სასმელით, რომელიც დარწმუნებული ვარ იქვე გაიხსნებოდა და დაილეოდა გამარჯვების აღნიშვნის მიზნით – რომ არა ღამის 2ის ნახევარი და რომ არა მომდევნო სამუშაო დღე.

საბილიარდო ძალიან მყუდროდ იყო მოწყობილი, ახალი ნათების ბანერებიც შევიტანეთ და დავდგით, გვემსახურებოდა 2 ფოტოგრაფი, ერთი ბოულინგ ცენტრალის, ერთი ახალი ნათების. მოთამაშეები იყვნენ 14 ადამიანი.

თამაში მიდიოდა 4 მაგიდაზე და 4 მსაჯი გვემსახურებოდა, რომლებმაც დაგვიხაზეს თამაშის გეგმა, ჩაგვიტარეს კენჭისყრა და საკმაოდ პროფესიონალურად და დაუღალავად იმსაჯეს ბოლომდე.

პარალელურად დიდ ეკრანზე ჩართული იყო ფეხბურთის მატჩი, საქართველო – მალტის თამაში და წაგებულები და ხანდახან გულშემატკივრებიც აქტიურად ერთვებოდნენ ფეხბურთისკენ…

ტურნირი გაგრძელდა 5 საათი და 20 წუთი, მოთამაშეები მართალია ძალიან დაიღალნენ, მაგრამ  ნახევარფინალმა და ფინალმა მაინც გამოაფხიზლა ყველა.

ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდნენ:

კახა აბუაშვილი (ცენტრალური მაღაზია – სალონის  კონსულტანტი) და ირაკლი გაბინაშვილი (შესყიდვების მენეჯერი) – გაიმარჯვა კახამ

ვაჟიკო ხარაბაძე (ცენტრალურიმაღაზია – სალონის  კონსულტანტი) და გიორგი ჩალაძე (დიდუბის მაღაზიის კონსულტანტი) გაიმარჯვა ვაჟიკომ.

ფინალი ითამაშეს ვაჟიკომ და კახამ და ვაჟიკომ გაიმარჯვა ანგარიშით 3:2, საკმაოდ საინტერესო და დაძაბული თამაში იყო …

გამარჯვებულს ახალი ნათების დირექტორისგან გადაეცა ახალი ნათების საიუბილეო კედლის საათი, ლედ ამონათებით.

საღამო გამოვიდა ძალიან სასიამოვნო, საინტერესო, აქტიური და თბილი …

ჩვენ კიდევ 2 შიდა ტურნირს ვგეგმავთ, ზამთრის და გაზაფხულის სეზონებზე და შემდეგ გვინდა უკვე სხვა კომპანიები გამოვიწვიოთ „კომპანიებსშორის ტურნირების“ ჩასატარებლად …

ველით გამოხმაურებებს 🙂