Leuven Town Hall 2_zps9xxrodrx

Leuven, Belgium

Leuven ბელგიის ერთ ერთი უძველესი  საუნივერსიტეტო ქალაქია, რომელიც ისტორიულ ფლანდრიაში ყველაზე ცნობილი ლუდსახარშების სიუხვით იყო.

არ ვიცი ამინდის თუ მეტწილად ძალიან ახალგაზრდა მოსახლეობის გამო, რაღაცნაირი სხვანაირი ხალისი ვიგრძენით ამ ქალაქში ბელგიის სხვა ნაწილებისგან განსხვავებით. გამომდინარე იქედან, რომ ლუვენში უამრავი უნივერსისტეტი და სხვა სასწავლებლებია, მოსახლეობის უმეტესობა, რომლებსაც ქუჩებში შეხვდებით სტუდენტები და მოსწავლეები არიან. ყველგან ჩანთიანი და წიგნებიანი ახალგზარდობა და ტურისტები გვხვდებოდნენ.

ლუვენში ბრუსელიდან მატარებლით წავედით და დაახლოებით 25 წუთში იქ ვიყავით.


პირველი რაც მოვინახულეთ ისტორიულ ცენტრში ეს იყო წმ. პეტრეს ტაძარი ე.წ.  Sint-Pieterskerk – რომელშიც ტაძარი და მუზეუმიც ფუნქციონირებს. მე-15 საუკუნეში აშენებული ეს ბრაბანტიულ გოთიკური სტილის ტაძარი საოცარ დიდებულებას აფრქვევს ქალაქის მთავარ მოედანზე.

1998 წლიდან ტაძრის ნაწილი მუზეუმად გადაკეთდა და მიუხედავად იმისა რომ ჩვენ იქ სამუშაო დღეს ვიყავით, ხალხის სიმცირე ნამდვილად არ იგრძნობოდა. მუზეუმში დაცულია უამრავი ნახატი, მეტალის ნაკეთობა და სკულპტურა.

მუზეუმის ინტერიერი, რომელიც მე-20 საუკუნემდე ტაძრის ნაწილი იყო  Wolfgang de Smet- ს ეკუთვნის და  1667წ. შესრულდა.

მუზეუმში შესვლისას აუდიო გიდი ავიღე და ვუსმენდი თითოეული ექსპონატის ისტორიას და მათზე გამოსახულ ამბებს, სიმართლე გითხრათ ძალიან სერიოზულად “დამძიმებული” გამოვედი, რადგან მუზეუმში დარჩენილი ნახატების უმეტესობაზე წამების სცენები იყო გამოსახული. ისეთი შთაბეჭდილება გექმნება თითქოს ამ პერიოდის ბელგია – ჰოლანდიაში სხვა არაფრით იყვნენ დაკავებულიო. ძირითადად კი ქალების წამებაზე იყო აქცენტები, ზოგს ალქაჯობას აბრალებდნენ, ზოგს მოღალატოებას, ზოგს სარწმუნოებრივ დანაშაულებს და ა.შ.  საწყლებს ისეთი საშინელი სიკვდილის სცენები ჰქონდათ, ყველაზე სასტიკ ფილმებშიც რომ ვერ ნახავთ.

თუმცა გარეთ გამოსულებს ბრდღვიალა მზე და გასაოცარი, სრულიად აღმაფრთოვანებელი და უგრანდიოზულესი შენობა გველოდა:  Stadhuis van Leuven იგივე  Leuven Town Hall.  ესეც მე-15 საუკუნეში აშენებული, გოთიკური სტილის ზღაპრული შენობაა, რომლის არქიტექტურა აბსოლუტურა გაოგნებაში გაგდებს, როცა წარმოიდგენ რომ ეს საოცრება 1448 – 1469 წლებში აშენდა.

გულწრფელად ვამბობ, ასეთი გრანდიოზული და ლამაზი ბევრი არაფერი მინახავს ცხოვრებაში, შენობა, რომელიც გეგონება სრულად მაქმანებითაა მორთულიო, შენობა რომელზეც წმინდანების 236 ქანდაკებაა გამოსახული <3

მისი პირველი არქიტექტორი Sulpitius Van Vorst – ძალიან მალე გარდაიცვალა შენობის ერთ ერთი ნაწილის დასრულებიდან, შენობა Jan Keldermans II- მ ასევე წარმატებით დაასრულა, როგორც მისმა კოლეგამ დაიწყო.

რადგან უკვე სადილის დრო მოახლოვდა წავედით კიდევ ერთი ულამაზესი მოედნისკენ Oude Markt  (ძველი მოედანი) – სკენ, რომელიც ცნობილია გარე კაფეებითა და ბარებით, სადაც ლუვენის ახალგაზრდობა ერთობა ღამით, ხოლო დღისით ძირითადად ტურისტებს შეხვდებით. გზად ასეთ საინტერესო ფასთფუდ კაფესაც წავაწყდით 🙂

Oude markt leuven კიდევ ერთი ულამაზესი ადგილია ამ ქალაქში, სადაც ცხოვრებას მთელი მისი ენერგიით და სიხალისით შეიგრძნობ და თან ამ ყველაფერს მზის უხვი სხივებიც თუ ახლავს თან, რომლის მიმართაც მე პირადად ზედმეტად გადაჭარბებული მოთხოვნილება მაქვს ყოველთვის, ჩათვალეთ რომ ბედნიერების შეგრძნება გარანტირებული გაქვთ.

ლანჩისთვის ერთ ერთი არაჩვეულებრივი ადგილი, კაფე – ბარ – ნაით ქლაბი De Rector | Eat ‘n dance – ავარჩიეთ, რომელსაც ყველანაირი გადაჭარბების გარეშე ალბათ მსოფლიოში საუკეთესო მომსახურე პერსონალი ყავს.

oude markt leuven-ის სურათის შედეგი

De Rector | Eat ‘n dance – არის ერთ ერთი საუკეთესო ღამის გასართობი ადგილი ლუვენში, სადაც პარასკევობით Rector Fridays და Rector Saturdays ეწყობა სხვადასხვა ცნობილ დიჯეებთან ერთად და მენიუში რომ ჩაიხედავთ და ლუდისა და კოქტეილების არჩევანს აღმოაჩენთ, მიხვდებით რომ აუცილებლად ღირს აქ ღამე მოსვლა.

მე და ხატიამ ხილის უგემრიელესი ლუდი დავაგემოვნეთ, რომლის გემოც არ დამავიწყდება არასდროს.

ცოტა ნაბახუსევზე ასეთ საპირფარეშოშიც მოხვდებით და დამიჯერეთ 10 წუთით კიდევ გადადებთ ტუალეტში შესვლას, რადგან ძალიან საინტერესო კედლები დაგხვდებათ შიგნით :))

მოკლედ: იქ სადაც მოსახლეობის 60%-ზე მეტი ახალგაზრდობაა და თანაც ქალაქში, რომელიც ლუდსახარშებით არის ცნობილი, მგონი უნდა დაფიქრდეთ შვებულების თუ არა ვიქენდის გატარებაზე მაინც 😉

ლანჩის შემდეგ ამ პატარა მოედანს ვათვალიერებდით, როდესაც უეცრად ძალიან ჩვეულებრივი და ჩვენთვის საოცრად ნაცნობი სკოლის ზარის ხმა და შესაბამისად თანამდევი ჟივილ – ხივილიც გავიგეთ. მაშინვე ამ ხმისკენ გავეშურეთ და აღმოვჩნდით Heilige Drievuldigheidscollege / H.Drievuldigheidscollege – თან და შევედით ამ უდიდესი და ულამაზესი კოლეჯის ეზოში. მომდევნო ზარის შემდეგ კოლეჯის ეზოშიც და მიმდებარე ქუჩებშიც ისევ სრული სიცარიელე და სიჩუმე ისადგურებს.

დაკავშირებული სურათი

ამ დღეს ძალიან ბევრი ვიბოდიალეთ ლუვენის ქუჩებში, იმდენად ბევრი რომ პოლიციელებთან ურთიერთობასაც ვერ ავცდით  :)) ძალიან გული მწყდება რომ არ მაქვს ფოტოები იმ სამი უმშვენიერესი ჭაბუკი პოლიციელის ბიჭები რომ გააჩერეს და საბუთები შეუმოწმეს. არსად არ მინახავს ასეთი სიმპათიური პოლიციელები …

კიდევ ერთი ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ ლუვენში ეს არის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, ულამაზესი, უზარმაზარი და გრანდიოზული გოთიკური სტილის შენობა, წიგნებით სავსე !!

LEUVEN Universiteitsbibliotheek-ის სურათის შედეგი

კიდევ სადღაც, რომელიღაც პატარა სასწავლებლის ეზოში აღმოვაჩინეთ ეს გასაოცრად ლამაზი ბაღი, მოვლილი ბუჩქებითა და უდიდესი ხურდების ჩასაყრელი ჭით <3

ასევე აღსანიშნავია ლუვენის რკინიგზის სადგურიც, ძალიან ლამაზი და კარგად აღჭურვილი შენობა, სტარბაქსით, სხვადასხვა ტიპის კაფეებით და რაც მთავარია ბანკომატებით …

leuven railway station-ის სურათის შედეგი

ძალიან, ძალიან საინტერესო, სასიამოვნო და ულამაზესი დღე იყო. მიუხედავად ისეთი დაღლილობისა, რომ ფეხებს ვერ ვგრძნობდით ვერც ერთი, ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით ბრუსელში. მატარებელი აქაც სტუდენტებით იყო სავსე, რომლებიც იქვე მეცადინეობდნენ, მიირთმევდნენ ან უბრალოდ ყაყანებდნენ 🙂

Comments

comments

One thought on “Leuven, Belgium

  1. ლელა says:

    გამიხარდა მოგზაურობაზე ბლოგის აღმოჩენა,
    არ მეგონა თუ ვინმე წერდა.
    წარმატებები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *