დასვენება თურქეთში ამ წელს კიდევ უფრო უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე. ტური ჩემი მეგობრის რჩევით Toy Travel -ს დავაგეგმინეთ, რომლებმაც ძალიან პროფესიონალური და საუცხოო სერვისი შემოგვთავაზეს.
5 ივლისს მე, დიმა, ვიკა, ანიკა და ორივე ბებო გავემგზავრეთ სიდეში.
ამ კურორტზე, მიუხედავად თურქეთში მრავალგზის ვიზიტისა, მანამდე არ ვყოფილვართ.
ჩვენი სასტუმრო Kamelya Collection მართლაც საუცხოო ადგილია ოჯახით დასასვენებლად. სასტუმროს ტერიტორია 240 000 კვმ – ზე არის გაშლილი და სამი სასტუმროსგან, ფეხბურთის, კალათბურთისა და ჩოგბურთის პროფესიონალური სტადიონებისგან, აკვაპარკისგან, საბავშვო გასართობი ცენტრისგან, დაახლოებით 6 ღია და 4 დახურულიაუზისგან და საუცხოო ოქროსფერ ქვიშიანი სანაპირო ზოლისგან შედგება.
სასტუმროს კომპლექსი 5 ვარსკვლავიანია, მაგრამ შემავალი სამივე სასტუმრო მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან კლასით:
Kamelya K Club – ყველაზე ბიუჯეტური ნაწილია, ეს არ არის ერთი შენობა, რამდენიმე ოთახიანი პატარა 2 სართულიანი კორპუსებია რომლებსაც ძალიან ლამაზი ბაღები აკრავთ ირგვლივ და სიმართლე გითხრათ ძალიან კარგი ადგილია დასასვენებლად, უბრალოდ შორს არის ზღვისგან.
Kamelya Fulya Hotel – სადაც ჩვენ ვისვენებდით, ულამაზესი თეთრი შენობაა კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში, superior comfort -ითა და მთელს კომპლექსში საუკეთესო რესტორნით. ცენტრალური მდებარეობის გამო ძალიან ახლოს იყო აკვაპარკთან, ამფითექტრთან და შედარებით ახლოს ზღვასთან. ჰქონდა საკუთარი 2 ღია და 3 დახურული აუზი ჯაკუზებით.
Kamelya Selin Hotel – რომელიც ყველაზე ახლოს იყო ზღვასთან, არის შედარებით luxury ტიპის, რაც ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, რადგან მოდერნისტული შუშებიანი შენობა, სხვადასხვა ფერის შუშებით გარედან, ვერაფრით ვერ დავაკავშირე luxury-ს. თუმცა საბავშვო აუზი ყველაზე კარგი აქ იყო და ჩვენც აქ დავდიოდით, ასევე ჰქონდა Coffee House, რომელიც დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე უფასოდ გთავაზობდათ ნებისმიერი სახის უგემრიელეს ყავას და ნაყინს. საუცხოო თურქულ ყავას აკეთებდნენ, აუცილებლად დააგემოვნეთ თუ ვინმე წახვალთ. ნაყინზეც არანაირი შეზღუდვა არ იყო და ვიკი ისეთო ბედნიერი იყო ხოლმე ვერ წარმოიდგენთ.
როგორც ზევით დავწერე სასტუმროს კომპლექსს ჰქონდა ასევე უზარმაზარი აკვაპარკი სადაც მე და ვიკი ყველაზე ბედნიერად ვატარებდით ხოლმე დროს, რადგან წყლის სასრიალოები ორივესთვის უსაყვარლესი გართობაა.
ანიკასთვის ყველაზე საყვარელი ადგილი Bubble Kids Club იყო, 2 სართულიანი შენობა ბატუტებით, სხვადასხვა დანიშნულების ოთახებით, სასრიალოებით, უზარმაზარი ფასიანი და უფასო ფლეიგრაუნდით, ყველანაირი ზომის სათამაშოებით და რაც მთავარია ყოველ დღე სხვადასხვა ღონისძიებებით.
უფროსებს ზღვისა და ამ მართლა ზღაპრული ქვიშიანი სანაპიროს მერე ყველაზე მეტად ამფითეატრი გვსიამოვნებდა. აბსოლუტურად ყოველ საღამოს 9:30 იწყებოდა ერთიმეორეზე უკეთესი წარმოდგენები ან კონცერტები. ხან ცირკი ჰყავდათ, ხან სხვადასხვა ეთნიკური ცეკვების წარმომადგენლები, ხან სკეჩები. მოკლედ ყოველ საღამოს ძალიან ვერთობოდით.
ცალკე უნდა გამოვყო სანაპირო ზოლი, რომელიც უსუფთავესი, კარგად მოვლილი და კარგად აღჭურვილი იყო, კაფეებით, შეზლონგებით, ფლეიგრაუნდით, სპორტული მოედნით და ულამაზესი და მოსახერხებელი ბუნგალოებით, რომლებსაც ქირაობდი საათობრივად, მაგრამ თან შედიოდა სნექები, გამაგრილებელი სასმელები და ნაყინი.
ერთ საღამოს ერთ ერთ მოედანზე მოაწყვეს საოცარი ფესტივალი, გაბერეს საბავშვო ატრაქციონები და სასრიალოები, ძალიან ლამაზად მოაწყვეს იქაურობა, გამოიტანეს ბარი, სნექ ბარი, სანაყინე და ააწყვეს უზარმაზარი სცენა. ჰყავდათ ვიღაც დიჯეი და ძალიან, ძალიან მაგრად გავერთეთ, შუაღამემდე ვცეკვავდით მე და ჩემი გოგოშკები <3
კვებაზე აღარაფერს ვწერ, რადგან ზოგადად თურქეთის სასტუმროებში საუცხოო კვებაა, მაგრამ როცა ამ სასტუმროს ვარჩევდით დიმასთვის ერთ ერთი აუცილებელი კრიტერიუმი იყო კვება და მაგ კუთხით წაიკითხა ყველაზე მეტი რევიუ. კვება მართლა ძალიან კარგი იყო, ყოველ დღე განსხვავებული, იყო იაპონური სამზარეულოც სუში, როლები, და ა.შ, იყო ადგილობრივი და ხმელთაშუაზღვის კერძების დღეები, იყო იტალიური სამზარეულოს დღეები. ცალკე იყო საბავშვო სასადილო, რომელზეც გიჟდებოდა ანიკა და მეც მიწევდა მასთან ერთად იქ ჭამა.
ერთი სიტყვით, ალბათ ბევრი უკეთესიც არსებობა, მაგრამ კამელიაში მართლა ღირს წასვლა და დასვენება.
Comments