San Remo, July 17-19

სანრემოში მილანიდან მატარებლით წავედით, მგზავრობას დაახლოებით 4 საათამდე მოვუნდით. გზა თავიდან იყო ძალიან უინტერესო, მაგრამ დაახლოებით 2 საათის შემდეგ,  როცა დაიწყო ზღვისპირა ზოლი უკვე შესამჩნევლად გამოვცოცხლდით, მითუმეტეს რომ  ძალიან ახლოს იყო მატარებლის გზა პლაჟებთან და საკმაოდ კარგად დავათვალიერეთ იტალიის საკურორტო ქალაქები.

 photo Fotor0728192222_zps9011bb81.jpg

განსაკუთრებით გამოვყოფდი ალასიოს, რომელსაც განსხვავებული და გაცილებით კეთილმოწყობილი პლაჟები და ლამაზი ზღვისპირა კაფეები ჰქონდა.

სანრემოში გამოვედით თუ არა სადგურიდან, ისეთი უმოწყალო სიცხე ვიგრძენით, რომ უკან ხომ არ დავბრუნდეთო გავიფიქრეთ. საოცარი ნესტიანი სიცხე იყო, ასეთი სიცხე მთელი თრიფის მანძილზე მხოლოდ სანრემოში და ბარსელონაში ვიგრძენი.

 photo Fotor0728192624_zps4fe505c9.jpg

ქალაქში ტაქსები ვერ ვნახეთ, ინგლისურად თითქმის არავინ საუბრობდა, კიდევ კარგი იტალიურად მე თუ ვერ ვლაპარაკობდი, გაგებით მაინც თითქმის ყველაფერი მესმოდა.

ვიდრე ჩვენს სასტუმროს ვეძებდით გზაზე კაფეში შევედით, სადაც ძლივს ვნახეთ მიმტანი ინგლისურად მოლაპარაკე, მანდვე ვჭამეთ და სასტუმროს გზაც მან აგვიხსნა.

სანრემო ძალიან ლამაზ ქალაქად არ მომეჩვენა, ცოტა იტალიური დაუდევრობის მომენტები შევნიშნე, თითქმის ყველა შენობის ფასადი მზისგან ძალიან შელახულია, ძალიან ცოტა შენობა ვნახე აღდგენილი, ალბათ ისეთი მწველი მზეა რომ აზრი არ აქვს ყოველ წელს ფასადების ღებვას, არადა არ აწყენდა.

ჩვენი აპარტამენტო სანაპირო ზოლში იყო, ბუსანას მხარეს, 7 წუთში ზღვა, 3 წუთში კარგი ინტერნეტის მქონდე იტალიური პიცერია-ტრატორია და 4 წუთში უზარმაზარი კარფურის მარკეტი გვქონდა.

სანრემოში თავიდან სხვა სასტუმრო გვქონდა დაჯავშნილი, მერე გავაუქმეთ, ის სასტუმრო ცოტა უფრო ცენტრისკენ იყო, მაგრამ ძალიან ძველს გავდა და მერე ეს ვარიანტი ვნახეთ, პაოლოს აპარტამენტოები და არც წავაგეთ არჩევანში, იმ სასტუმროს აშკარად სჯობდა.

პაოლო და მამამისი სახლთან დაგვხვდნენ და გვისაყვედურეს რატომ არ დაგვირეკეთ ტრენოსთან დაგვხვდებოდითო, იცოდე უკან წასვლისას ჩვენ წაგიყვანთ ვაგზლამდე მანქანით და გაგვაფრთხილეთ აუცილებლადო.

შეგვიყვანეს აპარტამენტოში, რომელიც საოცრად მომეწონა სივრცის გამო და იმის გამო რომ სახლი იყო და რაღაც კარგად ვგრძნობდით თავს.

 photo Fotor0728193228_zpsffc6410a.jpg

პაოლოს მამა და ვიღაც ტიპები მანდვე ქუჩაზე ბირჟაზე იდგნენ და რამდენჯერაც გარეთ გავიხედე „ჩაო ბელლა“-თი მესალმებოდნენ, მერე ამათვალიერებდნენ-ჩამათვალიერებდნენ და იღიმოდნენ მთელი დღე. ძალიან საყვარელი იტალიაშკა ბაბუები იყვნენ.

გადავწყვიტეთ, რომ დღეს ქალაქი დაგვეთვალიერებინა და პლაჟზე მეორე დღეს გავსულიყავით, წავედით ჯერ კარფურში, უამრავი ხილი, სასმელი და ხიზილალები შევიძინეთ, დავაწყვეთ სახლში და წავედით ცენტრში.

უამრავი ვიბოდიალეთ, აი იმდენი, იმდენი რომ ბოლოს ფეხები გვტკიოდა ერთი 7-8 კილომეტრი უეჭველი გავიარეთ, ვათვალიერებდით, ვიღებდით სურათებს, ვყიდულობდით სუვენირებს, მე პირადად ყველა ქვეყნიდან სადაც ვარ ნამყოფი ჩამომაქვს დასადგმელი თეფშები.

 photo Fotor0728204626_zps71ae55b9.jpg

მერე წავედით სანრემოს ცნობილ კაზინოში, რომელმაც ძალიან კარგი ლოკაციის მიუხედავად იმედები გაგვიცრუა. რაღაც უფრო თანამედროვეს, უფრო გრანდიოზულს და უფრო ლაქშერის ველოდი, ეს კიდევ ძალიან ძველებურია, რაღაცნაირად არაფრით გამორჩეული.

დარბაზებში სიგარეტის მოწევა არ შეიძლება, მხოლოდ ერთი დაკეტილი ოთახია სადაც მოწევა შეიძლება, მაგრამ იქ ვერ გაძლებ ისეთი სუნი დგას. სურათებს იღებ უპრობლემოდ, არავინ არაფერს გეუბნება.

 photo Fotor072820394_zps1512be5c.jpg

მერე შევედით ერთ ერთ კაფეში სავახშმოდ, სადაც გავიცანით ალესანდრო და ძალიან დავმეგობრდით, მე რაღაც ღვინო შევუკვეთე თეთრი (Gewürztraminer) , რომელზეც გავფანატდი ისეთი გემრიელი აღმოჩნდა და კიდევ 3 ჭიქა დავლიე წამოსვლამდე.

კაფეს კარგი ინტერნეტი ჰქონდა და დიმამამც გამოიყენა რაღაცეების გასაკეთებლად და ამიტომ ძალიან დიდხანს ვიჯექით, მეპატრონეც კი გავიცანით, მოვიდა მერე გველაპარაკა რაღაცეები.

 photo Fotor0728204327_zpscc6813c9.jpg

ღამე სახლში ავტობუსით წამოვედით, რომ დავწექით, დიმამ გინდა თუ არა რაღაც კინო მაქვს ჩაწერილი უნდა ვუყუროთო, ისეთი კოშმარი აღმოჩნდა, ისეთი საშიში ფილმი, რომ შიშისგან გული მიმდიოდა, თან უცხო მხარეში, ყველანაირ გარედან შემომავალ ხმაზე ვკანკალებდი, არ ვიცი ამის თუ სხვა რამეს გამო, მეორე დღეს 12 საათამდე გათიშულებს გვეძინა. არადა მე არ მჩვევია ასე გვიანამდე ძილი.

აი  გაღვიძებულებს კი გველოდა სიურპრიზი, ისე წვიმდა, ისე წვიმდა რომ თავს ვერ ვყოფდით გარეთ, კინაღამ გავგიჟდი, არადა ისე მინდოდა პლაჟზე წასვლა.

წავედით სასაუზმოდ ტრატორიაში, დიმამ იქაც წამოიღო კომპიუტერი და მუშაობდა. მეც პოსტს ვწერდი წინა დღის შთაბეჭდილებებზე, რომელსაც მხოლოდ ნიცადან ეღირსა გამოქვეყნება. ძალიან საყვარელი ტრატორია იყო, რაღაცნაირი სოფლური, მაგრამ ძალიან სუფთა, ძალიან კარგი მომსახურებით და გემრიელი საჭმელით.

 photo Fotor0728205055_zpse9657348.jpg

დაახლოებით 20  წუთში საერთოდ შეიცვალა ამინდი, ღრუბელი გაიხსნა სრულიად და ისეთმა მზემ გამოაჭყიდა, დიმა კაიფობდა მგონი ყუმბარები ესროლესო ღრუბლებსო.

მივედით ჩვენს აპარტამენტოში, ჩავიცვით საცურაოები და წავედით პლაჟზე, სადაც ნამდვილი საოცრება გველოდა: დიდი უზარმაზარი ქვები სადაც ხალხი ირუჯებოდა, არანაირი შეზლონგები და არაფერი, კამკამა წყალი და ოდნავი ტალღებით წვიმის მერე.

მე ეგრევე დავსველდი და ჰორიზონტალური მდგომარეობა მივიღე, მარტო სურათების გადასაღებად ვდგებოდი.  დიმაში კი პირველყოფილმა მამრმა გაიღვიძა და წავიდა კიბორჩხალებზე სანადიროდ, იქვე ქვებში უამრავი კიბორჩხალა ბუდობდა, დიდები და პატარები. მთელი 2 საათი ისე გაერთო მათზე ნადირობაში ვერ აგიღწერთ. პლაჟიდან საკმაოდ გვიან ავდექით და წავედით ისევ საჭმელად იგივე ტრატორიაში.

 photo Fotor0728193715_zpsfbd9aa10.jpg

 photo Fotor0728194440_zps90b91419.jpg

მერე მოვწესრიგდით და წავედით ისევ ქალაქის ცენტრისკენ, ამჯერად კიდევ უფრო შორს წავედით, პორტში და ბულვარზე გავედით და წინა დღეს რაც ვერ მოვასწარით ყველა ის ადგილი ვნახეთ.

 photo Fotor0728210830_zpsb888acf1.jpg

გვიან ღამე ისევ ალესანდროს კაფე  Bar Corso-ში შევედით , ამ ღამეს სადღაც სანრემოდან 12 კილომეტრში რაღაც ფესტივალი ტარდებოდა და ხალხი ძალიან ცოტა იყო ქუჩებში. ამიტომ ისეთ სიწყნარეში ვიჯექით ვერ აგიღწერთ. დიმას ლეპტოპი ჰქონდა წამოღებული, უნდა დაემთავრებინა რაღაც საქმე, მე კიდევ ვიჯექი და საქართველოს გაპიარებით ვიყავი დაკავებული. ალესანდროს და ბარის მეპატრონე კაცს საქართველოზე და ქართულ ღვინოზე ვუყვებოდი, თან იმ ღვინოს ვსვამდი რაც წინა დღეს მომეწონა. მერე ქართულ ღვინოზე ვუყვებოდი და სახელები ჩავაწერინე საფერავი და რქაწითელი – ჩემი ყველაზე საყვარელი ღვინოები.

საღამოს ცოტა წაშოპინგება გვინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ მიუხედავად იმისა რომ საკურორტო ქალაქია მაღაზიები 8 საათზე, მაქსიმუმ 9 – ზე იკეტება და ცოტა გავბრაზდი.

 photo IMAG0313502x800_zpsb2c4fc6a.jpg

 photo IMAG0310737x800_zps0af679b5.jpg

 photo IMAG0322800x662_zps8f63b792.jpg

სახლში ისევ ძალიან გვიან დავბრუნდით, ავტობუსამდე ლამის სირბილი მოგვიწია, რომ სულ სულ ბოლო – სათადარიგო რეისს გავყოლოდით – ესეც კაფეში გაგვაფრტხილეს თორე არც ვიცოდით.

ჩავალაგე ჩანთები და დავიძინეთ. დილით ვისაუზმეთ და პაოლომ და მამამისმა მოგვაკითხეს. მამამისს რაღაც შეკითხვაზე იტალიურად რომ ვუპასუხე, ისე გადამეხვია და ისეთი ყვირილი დაიწყო სიხარულისგან შოკირებული დავრჩი.

მიუხედავად იმისა რომ ნაკლებია ფუფუნება, გართობა და ახალგაზრდობა, სანრემოს მაინც კარგად შევაფასებსი. სასიამოვნო და წყნარი დასასვენებელი ადგილია, მართლა გემრიელად დაისვენებ, შედარებით ბიუჯეტურად და რაც მთავარია რუსების ყაყანსაც თითქმის ვერ გაიგებთ.

სანრემოდან ვენტიმილიაში ჩავედით, რომელიც არის სასაზღვრო ქალქი საფრანგეთთან.  20 წუთში ჩავჯექით ნიცას მატარებელში: აღარც ერთი იტალიური სიტყვა, არც ერთი ინგლისურის მცოდნე.

რა გველოდა საფრანგეთში იხილეთ შემდეგ პოსტებში.

Comments

comments

12 thoughts on “San Remo, July 17-19

  1. Nutsa Gogelia says:

    როგორ ველოდი ამ პოსტებს არ იცი 🙂
    1. ულამაზესად გამოიყურები, ტანი გაქვს რაღაც არაჩვეულებრივი, ულამაზესი და უსექსუალურესი
    2. მეუღლე გყავს უსიმპათიურესი და საოცრად უხდებით ერთმანეთს
    3. მატარებლის ფოტოები არის ძალიან, ძალიან მაგარი
    – ის გაბურძგნული სიმპატიური ბიჭი ვინ არის? :დ :დ :დ

  2. ნინო says:

    რა გამხდარი ხაარ :))) გაშლილი თმა უფრო გიხდება

  3. Natia Maisuradze says:

    კიდევ ერთხელ ვისიამოვნე 🙂 ველოდები საფრანგეთს… ისე წერ თაა, რომ მგონია მე ვიყავი მანდ 🙂

  4. Taa Morchiladze says:

    მადლობა, საფრანგეთი განსაკუთრებით მომეწონა
    ამიტომ პოსტიც ალბათ განსაკუთრებული იქნება

  5. Taa Morchiladze says:

    მადლობა ნუცა
    ის ბიჭი ვიღაც იტალიელი ბიჭია, რომელმაც ჩვენს კუპეში იმგზავრა სანრემომდე
    მეტი არაფერი ვიცი
    ხმა არ ამოუღია, მთელი გზა მუსიკას უსმენდა და ტელეფონში იყო ჩამხტარი 🙂

  6. Taa says:

    ნინო

    დიდი მადლობა 🙂 ხო გაშლილი თმა უფრო მომწონს მეც
    მაგრამ ზღვაზე ცოტა არაპრაქტიკულია

  7. კანარიო says:

    თაა, რა მაგარი პოსტი იყო <3
    ჯერ კიდე ვიკიკოს დაბადებამდე ვკითხულობდი ხოლმე შენს პოსტებს ასეთივე გატაცებით <3
    კარგად ყვები და თავისუფლად იკითხება – რაც ყველაზე მთავარია.

    ბედნიერი მგზავრობა!

  8. Eka says:

    უფფფ თაა, რა გოგო ხარ 🙂
    ძალიან გადამდები პოზიტიური ენერგიები გაქვს

  9. ლენკა says:

    ძალიან მომანდომე სანრემოში წასვლა
    არადა არასოდეს მიფიქრია სანრემოზე
    ალესანდრო რომ ჩამოვა გამაცანი :დ :დ :დ

  10. ჯაბა says:

    წელს თბილისში ჩარჩენილს ძაან მეამა შენი პოსტი, მითუმეტეს იტალიაზე! 🙂

  11. Lord Vader says:

    ძაან უცნაური კია ტურიზმზე დამოკიდებულს არ ვიტყვი, მაგრამ ტურისტების ხარჯზე საკმაო ფულისმშოვნელ ქალაქებში რა ცოტამ იცის უცხო ენა. რაღაც გამაადგა როს პრინციპია 🙂
    ესპანეთზეც იგივე გიწერია, იტალიაზე აგერ. არც თურქები იკლავენ დიდად თავს.
    ფრანგებმა უფრო ისწავლეს მგონი ინგლისური ამასობაში 🙂 ყოველ შემთხვევაში პარიზში პრაქტიკულად აღარაა პრობლემა ინგლისურით არ დაიკარგები.

  12. Taa says:

    Lord Vader

    მე პირადად სანრემოში ძალიან ბევრი ტურისტი ვერ ვნახე
    უფრო ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ იტალიელების დასასვენებელი ადგილიაო ზაფხულობით.
    ძირითადად ისევ იტალიელები ისვენებდნენ – ჩრდილოელები.

    რა თქმა უნდა რუსებიც იყვნენ რომლებიც ძირითადად რაღაც საოცარ ჯგუფებად დადიოდნენ, მაგრამ არა ისეთი შემაწუხებელი რაოდენობით, როგორც თურქეთში ან დუბაიში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *